“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო დაფიქსირდა, რაც ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო”
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საარჩევნო გარემო იყო სამართლიანი და მშვიდობიანი, რაც ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო და ამ გარემოში ჩატარდა არჩევნები”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ისიც, რომ არჩევნების შედეგები სოციოლოგიური კვლევის შედეგებს ზუსტად დაემთხვა.
„საუბარი არ მაქვს მხოლოდ ჩვენს შიდაპარტიულ კვლევებზე, საუბარი მაქვს სხვა ორგანიზაციების, მათ შორის ნეიტრალური ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებზე. თბილისთან დაკავშირებით კვლევები აჩვენებდა, რომ კახი კალაძეს ჰქონდა იმაზე მაღალი მხარდაჭერა, ვიდრე სხვა ოპოზიციურ კანდიდატს და ზუსტად ეს აჩვენა საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებმაც, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ხარვეზებს, რომელიც გამოვლინდა საარჩევნო პროცესში, რაიმე არსებითი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.