ქეთევან ციხელაშვილი: პრემიერის განცხადებაში აფხაზ და ოს საზოგადოებასთან ფართო დიალოგზეა საუბარი

“რუსულ პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება ხოლმე, როდესაც რეალური სასურველით იცვლება. საუბარი არსად არ ყოფილა პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ და ეს ბუნებრივია, ვერ იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ესმით ასევე რუსეთში. საუბარი გახლავთ აფხაზ და ოს საზოგადოებასთან ფართოდ, ადამიანებთან რომელთან ერთადაც ჩვენ წარმოგვიდგენია მომავალში ცხოვრება და მომავლის მშენებლობა”,-ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერის განცხადებაში ცალსახად იყო ხაზგასმული ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი და მომენტი, რომელიც მათ შორის რუსულ-ქართული ურთიერთობების მოწესრიგების წინაპირობაა.
„პრემიერის განცხადებაში ცალსახად იყო ხაზგასმული ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი და მომენტი, რომელიც მათ შორის რუსულ-ქართული ურთიერთობების მოწესრიგების წინაპირობა გახლავთ. ამაში კონფლიქტის მოგვარებას ვგულისხმობ და მთავარი გამოწვევის დაძლევას, რომელიც ჩვენ 2008 წლიდან გვაქვს. ბუნებრივია, სამწუხაროდ, ამის ნაწილია სწორედ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედია. ამიტომ, ქმედითი პასუხი ბუნებრივია, ოჯახისთვის ცხედრის გადმოცემა იქნებოდა, რომელიც ამდენი ხანი ჭიანურდება და არა იმის გამო, რომ ეს ვინმეს კეთილი ნების გამოხატულება იქნებოდა, არამედ იმის გამო, რომ ეს დღეს ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას უკავშირდება.
რაც შეეხება ჟენევაში რუსეთის მონაწილეობას, ჟენევის ფორმატი, რომელიც ფართო საერთაშორისო ჩართულობით ფუნქციონირებს, მთავარი და ერთადერთი ფორმატია რუსეთთან დისკუსია სწორედ კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მეც იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი კონსტრუქციულად ჩაერთვებიან, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ საკითხები რომლებიც დღის წესრიგში 2008 წლიდან დგას და დიდწილად 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რუსეთის მხრიდან აღებული ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება, რომ ამ საკითხებზე რეალური პროგრესი იქნება, ისევე, როგორც სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ქართული მხარე ყოველთვის კონსტრუქციული გახლავთ და მუშაობას ამ რეჟიმში გააგრძელებს”,-განაცხადა ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, ჟენევის ფორმატში მთავრობა კონსტრუქციული და ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ პროგრესი ძირითად საკითხებზე მიღწეული იყოს.
„განცხადება სწორად უნდა გავიგოთ. აქ საუბარი მზაობაზე იყო, რომ მათ შორის, უმაღლეს დონეზე ჩართულობითაც შესაძლებელი იქნებოდა, წარმოგვედგინა ჟენევის ფორმატში დისკუსიების წარმოება. ეს არ ნიშნავს, რომ პრემიერი მომდევნო რაუნდზე გაემგზავრება. ეს ის საკითხებია, რომელსაც განსაკუთრებული მომზადება სჭირდება და ბუნებრივია, მზაობა და პოლიტიკური ნება ასევე მეორე მხრიდან სჭირდება. ამიტომ, ჩვენ მზაობას ვადასტურებთ ზოგადად ჟენევის ფორმატში მონაწილეობის თვალსაზრისით იმაში, რომ ეს მნიშვნელოვანი ფორმატია. კონსტრუქციულები და ორიენტირებულები იმაზე ვიქნებით, რომ პროგრესი ძირითად საკითხებზე მიღწეული იყოს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გუშინ უპასუხა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და კმაყოფილებას გამოხატავენ მიმართვაში გამოთქმულ განწყობებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები