ბექა ოდიშარია: კალაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას წინ უამრავი ობიექტური წინაპირობა უძღვოდა

0

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარია, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „სითი პარკთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„დედაქალაქის მერის დღევანდელ გადაწყვეტილებას წინ უამრავი ობიექტური წინაპირობა უძღვოდა. მათ შორის უმთავრესი კი თბილისის მცხოვრებთა მუდმივი უკმაყოფილება და მოლოდინი მდგომარეობის კარდინალურად გაუმჯობესებისა.

წლების განმავლობაში, “სითი პარკის” მხრიდან განხორციელებული ქმედებები და სამწუხაროდ მათი საოპერაციო საქმიანობა თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის ყველაზე ხშირდ აღიქმებოდა სწორედ არაკეთილსინდისიერ ქმედებებად და არა სერვისის მიწოდების სანაცვლოდ დანერგილ რეგულაციებად  და არც თუ უსაფუძვლოდ, განაპირობეს კალაძის დღევანდელი გადაწყვეტილება.

კახი კალაძე თბილისელების მაღალი ნდობით სარგებლობს და მისი გადაწყვეტილება არის მერის გადაწყვეტილება, რომელსაც კარგად ესმის საკუთარი ქალაქის მოსახლეობის და მისი ყოველდღიური ცხოვრების მაჯის ცემის.

დარწმუნებული ვარ კალაძისგან მომავალშიც უნდა ველოდოთ გაბედულ, რეფორმატორულ ნაბიჯებს, რომლებიც საბოლოო ჯამში, არა ცალკეული კომპანიების ან სუბიექტების, არამედ თითოეული თბილისელის გაუმჯობესებულ ყოფაზე აისახება. მივესალმები თბილისის მერიის სურვილს და ძალისხმევას  ყველა მიმართულებით თანამედროვე ევროპული, ქართული სტანდარტების დამკვიდრებისა და ამ ჭრილში კალაძეს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციის პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა ტონის მიმცემი გახდეს საქართველოს დანარჩენი ქალაქებისათვის“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, რომ როგორც კახა კალაძის დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

„ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ. გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი