ზურაბ აბაშიძე: არაგონივრული იქნება რჩევების მოსმენა მათგან, ვისაც რუსეთთან ურთიერთობებში ცუდი გამოცდილება აქვს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ოპოზიციის წარმომადგენლების იმ განცხადებებს ეხმაურება, სადაც აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატს აკრიტიკებენ და მის გაუქმებას მოითხოვენ.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები და ყველაზე პრობლემური საკითხები დასავლელ პარტნიორებთან განიხილება.
საქართველო ამ საკითხებზე რეკომენდაციებს სწორედ მათგან ისმენს.
„ჩვენ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, მთავარ მიმართულებებს, ყველაზე პრობლემურ საკითხებს, რა თქმა უნდა, დასავლელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ. ანუ მათთან, ვისაც ჭკუა მოეკითხება – ევროკავშირი, ნატო, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. ამ საკითხებს მათთან მუდმივად განვიხილავთ და მათგან ვისმენთ რეკომენდაციებს, რჩევებს. მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში ვართ დასავლელ პარტნიორებთან. რჩევებს მივიღებთ მათგან, ვისაც ჭკუა მოეკითხება და უკვე ჩამოვთვალე, ვისაც მოეკითხება.
ვისაც აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება, ძალიან რბილად ვამბობ, რუსეთთან ურთიერთობებში, ვფიქრობ, მათგან რჩევების მოსმენა არ იქნება გონივრული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები