თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, დელეგაცია გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე მიემგზავრება

11 მარტს საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე მიემგზავრება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის წევრები – ელენე ხოშტარია და დიმიტრი ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და კატო მიქელაძის პრემიის 2017 წლის ლაურეატი, ქალთა უფლებათა აქტივისტი გურიიდან – ქეთევან ხიდაშელი.

სესიის ფარგლებში, 12 მარტს UNDP საქართველო და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა მასპინძლობენ პარალელურ ღონისძიებას – “სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერება, მათთვის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობების გაზრდის გზით.” თამარ ჩუგოშვილი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს, გენერალური დისკუსიის ფარგლებში, მისი გამოსვლა შეეხება იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომლებიც ხორციელდება საქართველოში, ადგილობრივ დონეზე ქალების გასაძლიერებლად, ასევე, გამოწვევებს, რომელიც ხელს უშლის ქალებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში.

დელეგაციის წევრები, სესიის ფარგლებში, მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგებში მიიღებენ მონაწილეობას და სესიის მონაწილე დელეგაციებს სიტყვით მიმართავენ. საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც 1946 წელს შეიქმნა, გლობალური მთავრობათაშორისი ორგანოა, ის ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და ქალების გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები