კახა კალაძე: ბოტანიკური ბაღის განვითარების პროექტს ფონდი „ქართუ” დააფინანსებს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბოტანიკური ბაღის პროექტის განხორციელების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს, ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.
მისი თქმით, ბოტანიკურ ბაღს დიდი შესაძლებლობები აქვს. როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი ბოტანიკურ ბაღს და წავკისის წყლის ხეობას მოიცავს, სადაც მოეწყობა საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე სათავგადასავლო და ვიზიტორთა ცენტრი.
„ბევრი განვითარებული ქალაქი ინატრებდა ასეთ ადგილს ქალაქის ცენტრში, თუმცა, მგონია, რომ გვაქვს იმის შესაძლებლობა, ეს კიდევ უფრო მეტად გამოვიყენოთ, გავხადოთ მიზიდულობის ცენტრი. ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს ბოტანიკურ ბაღს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ეს პროექტი, დაწყებული ბოტანიკური ბაღიდან წავკისის წყლის ხეობას მთლიანად მოიცავს. ეს არის საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობა, ასევე სათავგადასავლო და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა. პროექტის განხორციელებით ბოტანიკურ ბაღს გაუჩნდება ალტერნატიული შემოსასვლელი, სადაც მოეწყობა საპარკინგე ადგილები და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბაღს კიდევ დამატებით ფუნქციას შევძენთ. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ველომოყვარული ადამიანია და შესაძლებლობა ექნებათ ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ხეობაში და ულამაზეს ადგილას ველოსიპედით გაიარონ ეს ძალიან გრძელი, დაახლოებით ოთხი კილომეტრზე ცოტა მეტი გზა.
კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა გადაუხადა კიდევ ერთი საჩუქრისთვის. მისივე თქმით, როგორც კი პროექტი დასრულდება, მაშინვე დაიწყება სამუშაოების განხორციელება.
„მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ქალაქს ამ საჩუქარს ფონდი „ქართუ“ უკეთებს. მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამ კიდევ ერთი საჩუქრისთვის. ვფიქრობ, ამ პროექტით ძალიან ბევრი ადამიანი კმაყოფილი დარჩება და რა თქმა უნდა, ამით ბოტანიკურ ბაღს გავხდით მიზიდულობის ცენტრს. ვმუშაობთ პროექტზე. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, არის გაწმენდითი სამუშაოები. როგორც კი პროექტი დასრულდება, მაშინვე დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები