„საქართველოს ცემენტის ასოციაცია“: ცემენტის ფარული შემოწმების შედეგად, 25 ნიმუშიდან თოთხმეტმა ტესტირება ვერ გაიარა

“ცემენტის ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის სამი ფარული ტესტირება ჩატარდა. რიგით მესამე ფარული ტესტირების შედეგად (2017 წლის დეკემბერი), ოცდახუთი შემოწმებული ნიმუშიდან თოთხმეტმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტებით წაყენებული მოთხოვნები, სამმა კი მინიმალურად დასაშვები მაჩვენებელი აჩვენა”,-ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ცემენტის ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცემენტის ფარულმა ტესტირებამ საგანგაშო შედეგი აჩვენა.

“ევროპული სტანდარტის (EN 197-:2011) მოთხოვნების თანახმად, სამშენებლო სარემონტო სამუშაოებისთვის ვარგისი ცემენტის სიმტკიცე კუმშვაზე უნდა აღემატებოდეს 32.5 MPA-ს. ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, 2017 წლის აპრილში გამოცდილი 25 სხვადასხვა ცემენტიდან მხოლოდ რვა აკმაყოფილებს სტანდარტებით წაყენებულ მოთხოვნებს.

2017 წლის აგვისტოში გამოცდილი 27 სხვადასხვა ცემენტიდან მხოლოდ ოთხი აკმაყოფილებს სტანდარტებით წაყენებულ მოთხოვნებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

ასოციაციის ინფორმაციით, ხარისხიანი ცემენტის დამზადებისთვის, აუცილებელი საბაზისო კომპონენტების ნაცვლად, გამოყენებული იყო იაფი და უვარგისი მასალები.

“გასულ წელს დაახლოებით 300 000 ტონა დაბალი ხარისხის ცემენტი გაიყიდა, რაც საერთო ბაზრის 13 %-ს შეადგენს.

2017 წლიდან საქართველოს ცემენტის ბაზარზე ხარისხის კონტროლის კოორდინაციას ახორციელებს ააიპ „საქართველოს ცემენტის ასოციაცია“. ასოციაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ მწარმოებლებს ისეთი პროდუქტის წარმოებაში, რომელიც პასუხობს შეფუთვაზე მითითებულ სტანდარტს”,-აღნიშნულია „საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები