მაია ფანჯიკიძე: საქართველოს საკითხი ერთ-ერთი მთავარია მინისტერიალზე
ვენაში დღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 124-ე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით. როგორც “კვირას ” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი შეხვედრის დღის წესრიგს და ფორმალურად დაამტკიცა საქართველოს კონფლიქტური ზონების თაობაზე მინისტერიალის სხდომამდე, წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კონფლიქტურ ზონებში შექმნილი სიტუაციის შესახებ. გარდა ამისა, მინისტერიალზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ ორგანიზაციის გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე. როგორც ევროპის საბჭოს მინისტერიალის დასასრულს ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდიმ აღნიშნა, ევროპის საბჭო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ნდობის გამყარებისკენ მიმართული ზომების მიღებას.
“მოხარული ვარ, რომ კონფლიქტი საქართველოში ფართოდ იყო განხილული დღევანდელ შეხვედრაზე და ჩემი კონსოლიდირებული მოხსენება ძალიან ბევრმა დადებითად შეაფასა. როგორც მოგეხსენებათ, ბორდერიზაციის საკითხი შეტანილია მოხსენებაში, როგორც დიდი პრობლემა. ევროპის საბჭო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ნდობის გამყარებისკენ მიმართული ზომების მიღებას, ასევე, ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით დაკვირვებას მთელს რეგიონში”, – განაცხადა ტორბიორნ იაგლანდმა.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მინისტერიალს საქართველოსთვის წარმატებული უწოდა. “საქართველოს საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი ამ მინისტერიალზე. მიუხედავად მოვლენების დრამატული განვითარებისა უკრაინაში, საქართველო დღის წესრიგიდან არ ქრება და პირიქით, ის ძალიან მკაფიოდ იყო წარმოდგენილი მინისტერიალზე. ჩემს სიტყვაში ხაზი გავუსვი ყველა იმ დარღვევას, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებს, მავთულხლართების გაბმას, ასევე სხვა დარღვევებს, რასაც ადგილი ჰქონდა გასული თვეების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ გენერალური მდივნის ანგარიში ცნობად მიიღო მინისტერიალმა, ხოლო გადაწყვეტილება მიღებული იქნა მინისტრის მოადგილეების დონეზე. ხაზგასმულია, რომ აუცილებელია მონიტორინგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თემა მუდმივად იქნება შენარჩუნებული ევროსაბჭოს დღის წესრიგში, სანამ ეს პრობლემა იქნება”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.