„არ გადასცეთ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს“, – ოკუპირებულ ცხინვალში აქცია გაიმართა
ოკუპირებულ ცხინვალში, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან, აქცია სახელწოდებით – „არ გადასცეთ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს“, გაიმართა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუდენტები და უფროსკლასელები ითხოვენ, არ გადასცენ ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, აქციას 400-მდე ადამიანი ესწრებოდა. ისინი აქციაზე 1989 წლიდან 2008 წლამდე საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ფოტოებით მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. დე ფაქტო რეჟიმს ქართული მხარისთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ამ დრომდე არ გადმოუცია.