ბიზნესომბუდსმენი „ბადაგონზე“: დისტრიბუტორთან ურთიერთობას კომპანიის ირგვლივ განვითარებულმა აჟიოტაჟმა შეუშალა ხელი

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თბილისის სათაო ოფისი დროებით გადაინაცვლებს რეგიონში, სადაც კომპანიას გააჩნია ორი საწარმო,- ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე კომპანია „ბადაგონთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ საკითხზე კომუნიკაცია საწარმოს ამჟამინდელ მფლობელთან დღეს დილით ჰქონდა.
მისივე თქმით, კომპანიის პარტნიორების ქმედებები, ძირითადად, შექმნილმა აჟიოტაჟმა განაპირობა და საგამოძიებო პროცესი „ბადაგონის“ ფუნქციონირებას ხელს არ უშლის.
„მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი კომპანიის ფუნქციონირებისთვის. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს კომპანიასა და დისტრიბუტორებს შორის არსებული ურთიერთობები. ჩვენის მხრივ, მნიშვნელოვანია, მოხდეს დაკვირვება იმ პროცესზე, რომ სახელმწიფო უწყების მოქმედებამ ხელი არ შეუშალოს საწარმოს ჯანსაღ ფუნქციონირებას. ეს არის ჩვენი მონიტორინგის მთავარი საფუძველი. კომპანიის ირგვლივ განვითარებულმა გარკვეულმა აჟიოტაჟმა ხელი შეუშალა დისტრიბუტორთან ურთიერთობას, საგამოძიებო მოქმედებებს გავლენა ამ პროცესზე არ აქვს,“-აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი „ბადაგონის“ საკითხს აქტიურ მონიტორინგს უწევს.
შეგახსენებთ, რომ „ბადაგონის” თბილისის ოფისმა საქმიანობა დროებით შეაჩერა.
ამის შესახებ „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სალაყაიას განცხადებით, „ბადაგონმა“, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, დაკარგა უმსხვილესი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტს ჩინეთში და ამასთან, რუსეთის მთავარმა დისტრიბუტორმა უარი განაცხადა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები