2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია იწყება

დღეს, 15.00 საათზე, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყება, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ამასთან, მაია მიმინოშვილმა განმარტა, რომ გარდა აბიტურიენტებისა, დღეს 15:00 საათიდან რეგისტრაცია იწყება სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისთვის.

“აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 30 მარტის შემდეგ, აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნება”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდებზე www.naec.gov.ge და online.naec.ge უნდა გაიარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები