„გადავდივართ კრიზისული მართვის რეჟიმზე“ – „ბადაგონის” თბილისის ოფისმა საქმიანობა შეაჩერა

ვიღებთ გადაწყვეტილებას, დროებით შევაჩეროთ საქმიანობა „ბადაგონის“ თბილისის სათავო ოფისში, დღევანდელი დღიდან გადავდივართ კრიზისული მართვის რეჟიმზე და ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას „ბადაგონის“ ყველა საწარმოში – ამის შესახებ „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თბილისის ოფისის თანამშრომლები სამუშაოდ კახეთში, ზემო ხოდაშენსა და მანავში განთავსებულ „ბადაგონის“ საწარმოებში გადადიან.
სალაყაიას განცხადებით, „ბადაგონმა“, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, დაკარგა უმსხვილესი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტს ჩინეთში და ამასთან, რუსეთის მთავარმა დისტრიბუტორმა უარი განაცხადა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.
„მინდა გაცნობოთ, რომ „ბადაგონში“ ფინანსური პოლიციის შემოსვლის და განსაკუთრებით უბინძურესი საინფორმაციო კამპანიის შედეგად, რომელიც უკანასკნელი რამოდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა პირადად ჩემი, ლიზა ბაგრატიონის და საერთოდ „ბადაგონის“ წინააღმდეგ, ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე შედეგები. მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი და განსაკუთრებით ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო, დიდწილად დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, როგორიც არის ქვეყანაში შექმნილი ბიზნეს-გარემო და ბრენდის ირგვლივ არსებული საინფორმაციო ფონი. სწორედ ამ ფაქტორების გამო, „ბადაგონმა“, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, დაკარგა უმსხვილესი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტს ჩინეთში და ამასთან ერთად, რუსეთის მთავარმა დისტრიბუტორმა უარი განაცხადა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე. სამწუხაროდ, შექმნილი ვითარებით სარგებლობენ არაკეთილსინდისიერი კონკურენტებიც.
მოგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის შესახებ, ვაცნობე პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. პრემიერმა აღუთქვა მხარდაჭერა „ბადაგონს“ და დამარწმუნა, რომ უშუალოდ ჩაერთვებოდა „ბადაგონის“ ირგვლივ შექმნილი ვითარების გადაწყვეტაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრისგან მე ვიგრძენი კომპანიის მიმართ სრული მხარდაჭერა და დახმარების გულწრფელი სურვილი, რადგან ეს საკითხი არა მხოლოდ „ბადაგონს“, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას ეხება.
ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, დროებით შევაჩეროთ საქმიანობა „ბადაგონის“ თბილისის სათავო ოფისში, დღევანდელი დღიდან გადავდივართ კრიზისული მართვის რეჟიმზე და ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას „ბადაგონის“ ყველა საწარმოში. ჩვენ გადავდივართ კახეთში, რათა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შესრულდეს ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი ქვეყნისა და უცხოელი პარტნიორების წინაშე. მთელი გუნდი იქნება ჩვენი ექვსასივე თანამშრომლის გვერდით და იმუშავებს მათთან ერთად. მე გამოვთქვამ იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევინარჩუნებთ „ბადაგონს“, ხოლო ხელისუფლება, უმოკლეს ვადებში, გამოძებნის ყველასათვის და, პირველ რიგში, „ბადაგონისთვის“ და „ბადაგონელებისთვის“ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს „ბადაგონის“ შემდგომ წარმატებულ განვითარებას!
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მზად ვარ, ყველა არსებული პრეტენზიის განხილვა მოხდეს სამოქალაქო სასამართლოს დარბაზში, მხარეების კანონიერი უფლებების სრული დაცვით და პატივისცემით, როგორც ეს ხდება ყველა ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში,”- განაცხადა გიორგი სალაყაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები