პრემიერი: ჩვენი ნატვრაა, ახალგაზრდებს სურვილი ჰქონდეთ, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობაში 

“ჩვენი ნატვრა იქნება, რომ საქართველოში საუკეთესო განათლების მქონე ახალგაზრდებს სურვილი ჰქონდეთ, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობაში და ინტერესი ჰქონდეთ რეგიონულ განვითარებას შეუწყონ ხელი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციის წარდგენისას განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, რეფორმის მიზანი რეგიონებში გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება უნდა იყოს, ასევე ამ გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების რესურსი.

„თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის ასევე უმთავრესი წინაპირობაა პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა და ხალხის აქტიური ჩართულობა. სწორედ ამიტომ, ის რომ დღეს, პირველივე ეტაპზე აქ წარმოდგენილია არასამთავრობო სექტორი, რეფორმის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.

ამ რეფორმის სულისკვეთებას ყველა მაქსიმალურად უნდა ვიზიარებდეთ, რადგან ვთვლი, რომ რეფორმა ერთობლივად ყველას გასაკეთებელია. დიდი სურვილი მაქვს, რომ გვქონდეს თანამშრომლობა პარლამენტის ყველა წარმომადგენელთან, სამოქალაქო სექტორის მაქსიმალურად ფართო ჩართულობა იყოს რეფორმის განხორციელების პროცესში, სხვაგვარად შეუძლებელი იქნება რეფორმის წარმატებაზე საუბარი, რომელიც ჩვენი ადმინისტრაციული სისტემის ყველა ღერძს მოიცავს. ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმის მთავარი წარმმართველი იქნება პარლამენტი. რა თქმა უნდა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ისევე, როგორც მთელი მთავრობა და დღეს მოვისმენთ კონცეფციას, მიმართულებებს, რა ვადას მოიცავს რეფორმა და რა ძირითადი ნაბიჯებია გადასადგმელი ამ მიმართულებით.

ამ რეფორმას დიდი ენთუზიაზმით ვუყურებ. მისი მიზანი უნდა იყოს ის, რომ რეგიონებში იყოს როგორც გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება, ასევე რესურსი, ამ გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების. ჩვენი ნატვრა იქნება ნამდვილად ის, რომ საქართველოში საუკეთესო განათლების მქონე ახალგაზრდებს ჰქონდეთ სურვილი, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობაში და ჰქონდეთ ინტერესი რეგიონულ განვითარებას შეუწყონ ხელი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები