ლევან იზორია ავსტრიელ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა. ლევან იზორიამ არად ბენკოსა და პოლკოვნიკ ერიხ ზიმბურგერს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების სურვილი გამოთქვეს.

ახლო მომავალში, ავსტრიული მხარის დახმარებით, საქართველოში საბრძოლო მასალების შენახვის სისტემების მენეჯმენტთან დაკავშირებით, პროექტის განხორციელება იგეგმება. ავსტრიას ამ თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში 2018 წელი ლოგისტიკის წლად არის გამოცხადებული და ლოგისტიკის განვითარების სფეროში ავსტრიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვიწყებთ გარკვეული სტრუქტურული და ფუნქციური ხარვეზების იდენტიფიცირებას. პირველ რიგში, აქცენტს პერსონალის მომზადებასა და განვითარებაზე გავაკეთებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის შეიარაღების იდენტიფიცირება, მისი ვარგისიანობის დადგენა და შესაბამისად, სასაწყობო მეურნეობის განვითარება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ავტრიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები