ჩუღურეთში დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ილიას ბაღში გამართულ საზეიმო მიღებას რაიონის მცხოვრები 250  ქალი ესწრებოდა.

ქალთა კვირეულის  ამ ფორმით აღნიშვნა ჩუღურეთის რაიონისთვის უკვე ტრადიციად იქცა. რაიონის  მაჟორიტარი მესამე წელია ქალებს დედის დღეს ყოველი გაზაფხულის  პირველ კვირას ღონისძიებით ულოცავს.

“ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ  დედის დღეს. ჩვენთვის, დედებისთვის, მთავარი ჩვენი შვილების კეთილდღეობაა. გვინდა ისინი უსაფრთხო ქვეყანაში იზრდებოდნენ, გვინდა დაცული იყოს მათი უფლებები,  მივცეთ კარგი განათლება და ჰქონდეთ საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა. კარგად ვიცი, რომ თითოეული თქვენგანი ბევრს შრომობთ და წვალობთ ამისთვის. უნდა იცოდეთ, რომ  ამ გზაზე ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

მაჟორიტარმა დეპუტატმა 22 ნომინაციაში გამარჯვებული წარმატებული ქალები დაასაჩუქრა.

ღონისძიებაში მონაწილეობა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ,  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელობამ, საკრებულოს  წევრებმა,  პარლამენტარებმა, რაიონის გამგებელმა, დიპლომატებმა და სპეციალურად მოწვეულმა სხვა სტუმრებმაც მიიღეს და ნომინანტებს სიმბოლური საჩუქრებით დედის დღე მიულოცეს.

„ყველა ქალბატონს ვულოცავ დედის დღეს და წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ. დღეს მოგვეცა საშუალება,  დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოგვეხატა იმ ადამიანებისადმი, რომლებიც არიან უპირველეს ყოვლისა, დედები და  მართლაც დამსახურებული და ღვაწლმოსილი ქალბატონები“, – განაცხადა ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.

საზეიმო საღამოს მუსიკალურად დედაქალაქში მოღვაწე ბავშვთა სხვადასხვა ანსამბლი აფორმებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები