მაია მიმინოშვილი: ფოთის საგამოცდო ცენტრის შესახებ ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც აბიტურიენტებისთვის იქნება მისაღები

ფოთში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს N 2 საჯარო სკოლაში შეხვდა. მიმინოშვილის განცხადებით, ფოთში საგამოცდო ცენტრის გაუქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ბუნებრივია და ვაღიარებ, რომ ვფიქრობდით კონკრეტული საგამოცდო ცენტრების გაუქმებას და ამაში ლოგიკა არის, მაგრამ არ მეგონა, თუ ასეთ ემოციებს გამოიწვევდა აბიტურიენტებში. მაგალითად, სიღნაღში საგამოცდო ცენტრი გავაუქმეთ და არაფერი არ მოჰყოლია. არანაირი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა გამართლებული იყოს ის, არ ღირს იმად, რომ აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი ააღელვო და ანერვიულო, იმ დროს, როცა ერთადერთი, რაზეც მათ უნდა იფიქრონ, არის ის, რომ მოემზადონ გამოცდებისთვის და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ამიტომაც ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც, პირველ რიგში, აბიტურიენტებისთვის იქნება მისაღები“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
შეხვედრას პედაგოგები, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ფოთში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა აქცია გამართეს. მათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის შესაძლო გაუქმება გააპროტესტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები