ე.წ.სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ოსი ხალხის გენოციდის ბრალდებით, სააკაშვილზე, მერაბიშვილსა და ოქრუაშვილზე ძებნა გამოაცხადა

ე.წ.სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, ვასილი პოლიაკოვმა ოსი ხალხის გენოციდის ბრალდებით, ძებნაში მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური სააგენტო „რესი“ აქვეყნებს.
სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, ვასილი პოლიაკოვმა იმ სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც არჩილ ტატუნაშვილი დააკავეს.
„2004-2008 წლებში, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღიძრა 166 სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. გამოძიებამ დაადგინა და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის თანამდებობის პირებზე, რომლებსაც „ოსი ხალხის გენოციდსა და სამხედრო დანაშაულების ჩადენაში მიუძღვით ბრალი. მათი რაოდენობა 45-ს აჭარბებს. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები.
გამოძიებამ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული სამხედრო ფორმირებების დანაშაულებრივი ქმედებების არაერთი ეპიზოდი დაადგინა. მოკლულია 162 ადამიანი, დაჭრილია 700-ზე მეტი ადამიანი, გატაცებულია 53 ადამიანი, გადამწვარია 735 და განადგურებულია 1510 სახლი, განადგურებულია 300-ზე მეტი მოქალაქის ქონება, 55 სახელმწიფო დაწესებულების ქონება, სამეწარმეო საქმიანობის 104 ობიექტი, დახვრეტილია 17 ლტოლვილი, რომლებიც ცხინვალი-ძარის გზით სამხედრო ბრძოლის ზონის დატოვებას ცდილობდნენ“, – განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, ვასილი პოლიაკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები