ახალგორის გამგებელი: გამკაცრებულია კონტროლი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე
ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ გაურკვეველი არაფერი დარჩება.
მისივე თქმით, ე.წ ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლი გამკაცრებულია.
“როგორც გვაქვს ინფორმაცია, გამკაცრებულია კონტროლი ე.წ ადმინისტრაციულ საზღვარზე, სადაც არის საკონტროლო გამშვები პუნქტები. მოწმდება ყველა მანქანა. რაც შეეხება ჭორებს და მითქმა-მოთქმას, გამგებელთან ან სხვა პირებთან მიმართებაში, ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ, ამ ფაქტს სჭირდება გამოძიება. ვიმედოვნებ, რომ გაურკვეველი არაფერი არ დარჩება და უმოკლეს დროში გვეცოდინება სრული სიმართლე თუ როგორ მოხდა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება და ის მიზეზიც, რის გამო დააკავეს სამი პიროვნება”,-განაცხადა გამგებელმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოში ჯერ არ გადმოუსვენებიათ. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი კი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.