დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი: ტატუნაშვილმა ბადრაგს წაართვა იარაღი და ცეცხლის გახსნა სცადა
„საგამოძიებო იზოლატორში არჩილ ტატუნაშვილი ბადრაგირების დროს, თავს დაესხა ბადრაგს, წაართვა ერთ-ერთ მათგანს ტაბელური იარაღი და ცეცხლის გახსნა სცადა“, – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო იზოლატორში სამართალდამცველებმა ეს მცდელობა აღკვეთეს, გამოიყენეს ძალა და თავდასხმელი გააუვნებელყვეს.
„ბოლო დროს საქართველოში აქტიურად იძაბება სიტუაცია ცხინვალის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
სადაზვერვო-დივერსიულ საქმიანობასა და 2008 წლის აგვისტოში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტატუნაშვილი სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველებმა 2018 წლის 22 თებერვალს, ლენინგორში დააკავეს.
ყურადღებას იქცევს ერთი მნიშნელოვანი გარემოება – საგამოძიებო იზოლატორში, ბადრაგირების დროს ტატუნაშვილი თავს დაესხა ბადრაგს, წაართვა ერთ-ერთ მათგანს ტაბელური იარაღი და ცეცხლის გახსნა სცადა. სამართალდამცველებმა ეს მცდელობა აღკვეთეს, გამოიყენეს ძალა და თავდამსხმელი გააუვნებელყვეს. საღი აზრი გვკარნახობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება სამხრეთ ოსეთის ინტერესებში არანაირად არ შედიოდა, ვინაიდან საქმეზე არსებითი წარმოების დაწყებამდე ეჭვმიტანილის გაქცევის მცდელობა საფუძვლიანად ფასდება როგორც არსებული ეჭვის დადასტურება“, – განაცხადეს „უწყებაში“.
მათი განცხადებით, მიუხედავად ამისა, სამხრეთ ოსეთის კომპეტენტური ორგანოები ატარებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, რაც მომხდარის სრული სურათის აღდგენისა და ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შესაძლებლობას მოგვცემს, რის შემდეგაც მისი ცხედარი ოჯახს გადაეცემა.