„იმ დღეს პირველად ვთქვი: მე ბედნიერი ვარ“ – სვანეთიდან ჩამოსულმა გოგონამ შეუძლებელი შეძლო
ეს ისტორია სვან გოგონაზეა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს უზომოდ ბედნიერი გახდა… მანამდე კი, 39 წელი ლენტეხის რაიონის სოფელ ხელედში იცხოვრა. გარესამყაროსგან მოწყვეტილი ფეისბუქით ამყარებდა ურთიერთობას მეგობრებთან და ახლობლებთან. სკოლის დამთავრების შემდეგ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, სახლიდან ვერ გამოდიოდა და რადგან ვერ საქმდებოდა, მუდმივად დეპრესიული განწყობა სდევდა. დასაქმებისთვის რამდენიმე ორგანიზაციას მიმართა, მაგრამ ყველამ უარი უთხრა, რადგან არანაირი განათლება არ ჰქონდა მიღებული.
ნუკა გვიჭიანი:
„ლენტეხის რიონის სოფელ ხელედში დავამთავრე საშუალო სკოლა, მალე დამეღუპა მშობლები, ჩემი დიაგნოზი ცერებლარული დამბლაა და დამოუკიდებლად სიარული მიჭირს. ამიტომ მრცხვენოდა საზოგადოებაში გამოსვლა… დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მებრძოლა ჩემი თავისთვის. უკვე 39 წლის ვხდებოდი, ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, დავსაქმებულიყავი და ჩემი ცხოვრება თავად შემექმნა.
დავიწყე სამსახურის ძიება ინტერნეტით, რომ განათლება აუცილებლად მიმეღო. მოვიძიე საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“, შევედი საიტზე, გავეცანი ინფორმაციებს, თუ როგორი ადაპტირებული იყო გარემო. ამის შემდეგ კოლეჯში ტელეფონით დავუკავშირდი ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს, ქალბატონებს: ლალის და მეგის.
მათი მეშვეობით გავედი გასაუბრებაზე, ჩემებმა ოჯახში დიდი წინააღმდეგობა გამიწიეს (სამი ძმა და ორი და მყავს, დაოჯახებულები არიან), მარტო არ უნდოდათ ჩემი გამოშვება – ვერ შეძლებ ცხოვრებას და ვერ მართავო, მეუბნებოდნენ. მათთან დიდი ბრძოლა მომიწია, გავიმარჯვე, წამოვედი, გავიარე გასაუბრება და ჩავირიცხე კოლეჯ „სპექტრში“, გავიცანი კოლეჯის დირექტორი, ბატონი მათე ტაკიძე, მისი დახმარებით მომცეს საცხოვრებელი ოთახი და დავიწყე სწავლა. თანდათან შევძელი მარტო ცხოვრება და გადავლახე ყველა წინააღმდეგობა. ამაში ხელი შემიწყეს ჯგუფელებმა და ლექტორებმა, რომლებიც ყველანაირად მეხმარებოდნენ. მათი მეშვეობით დავამთავრე კოლეჯი „სპექტრი“.
ახლა უკვე ვარ პრაქტიკაზე… ამასობაში გავიგე, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანცელარიაში იყო ვაკანსია. ძალიან დიდი კონკურსი გამოცხადდა, დამირეკეს და დამიბარეს გასაუბრებაზე, 5 დღის მერე კი დამირეკეს და მითხრეს, რომ დასაქმებული ხართ კანცელარიაშიო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამ ყველაფრის მერე, 39 წელი ისე შევასრულე, არ მითქვამს, რომ ბედნიერი ვიყავი. იმ დღეს კი პირველად ვთქვი: მე ბედნიერი ვარ.
როგორც მე ვიბრძოლე და სვანეთის ერთ-ერთი მივარდნილი კუთხიდან ჩემი ბრძოლითა და ენერგიის დახარჯვით იმას მივაღწიე, რომ ბედნიერი ვარ, ვისწავლე, დავსაქმდი კიდეც, ასევე მინდა ყველა ადამიანს მოვუწოდო, ნუ შეზღუდავენ შვილებს, მისცენ საშუალება, რომ ნახონ ცხოვრება. გამოვიდნენ საზოგადოებაში, იბრძოლონ იმისთვის, რომ თავიანთი ცხოვრება თავად აიწყონ. შეიძლება განათლებაც მიიღონ, თუნდაც კოლეჯ „სპექტრში“, სადაც შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოა შექმნილი.
არ შემიძლია, ბატონ მათეს დიდი მადლობა არ გადავუხადო. იგი არის საუკეთესო დირექტორი, უბედნიერესი ვარ, რომ ყველანაირად გვერდით მიდგას, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კოლეჯ „სპექტრის“ კოლეგებს, უკლებლივ ყველას“.
ლალი ხვედელიძე, კოლეჯ „სპექტრის“ ინკლუზიური განათლების სპეციალისტი:
„ნუკა გვიჭიანი მაშინ გავიცანი, როდესაც გაიგო საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ არსებობის შესახებ და კოლეჯში დარეკა, სწავლა უნდოდა ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
ვინაიდან ამხელა გზაზე აპირებდა ჩამოსვლას, ნუკასთვის საცხოვრებელი ოთახი გამოიყო, სადაც ნუკა უკვე 7 თვეა ცხოვრობს. იმის მიუხედავად, რომ დამოუკიდებლად არასდროს უცხოვრია, მაინც გადაწყვიტა ჩამოსვლა და სწავლა. ოჯახის წევრებთან, სამწუხაროდ, დღემდე არ შერიგებულა.
აუცილებელია, ამ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით, ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს, მით უმეტეს რეგიონებიდან ჩამოსულებს, რომ შესაბამისი პირობები შეექმნათ განათლების მისაღებად.
ისწავლა, მრავალი მეგობარი გაიჩინა კოლეჯში, ჯგუფელები ძალიან ეხმარებოდნენ, ერთად მეცადინეობდნენ, სხვადასხვა აქტივობას ერთად გადიოდნენ, კულტურულ ღონიძიებებზეც დადიოდნენ. ნუკამ სასწავლო პროცესი უკვე დაამთავრა და ახლა პრაქტიკის პერიოდი აქვს. 6 თვე ისწავლა და, ბუნებრივია, სწავლის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო ისევ სოფლში.
და ამ დროს გავიგეთ, რომ სამინისტროში გამოცხადდა ვაკანსია განათლების სამინისტროს კანცელარიაში, ნუკამ გადააგზავნა მონაცემები, გაიარა გასაუბრება, ერთად ვიყავით გასაუბრებაზე. გასაუბრების შემდეგ დაურეკეს და უთხრეს, რომ მიეტანა საბუთები. დადებითად გადაწყდა მისი საკითხი. როგორც კი დაგვირეკავენ, შეუდგება საქმეს.
სამინისტროსთან ახლოს ნუკამ მოიძია პატარა მყუდრო ოთახი, საკუთარი ეტლით მივა სამსახურში და სამსახურის მერე დაბრუნდება თავის სახლში. აბსოლუტურად დამოუკიდებლად იცხოვრებს. ეს არის პრეცედენტი იმ მშობლებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვერ დასაქმდებიან და დამოუკიდებლად ვერ იცხოვრებენ. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შშმ და სსსმ პირები ინტეგრირებულები იყვნენ საზოგადოებაში. სახელმწიფო ეხმარება შშმ და სსსმ პირებს მიიღონ უფასო პროფესიული განათლება, რათა მიეცეთ დასაქმებისა და საკუთარი ძალების რეალიზაციის საშუალება.
ეს ყველაფერი კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორის მათე ტაკიძის დამსახურებაა. ბატონი მათეს გადაწყვეტილებით გამოიყო ნუკასთვის ოთახი, სადაც სწავლის პერიოდში ნუკა ცხოვრობდა. ნუკას, რომელსაც მრავალი გაცრუება ჰქონდა ცხოვრებაში, მიეცა შესაძლებლობა, ისწავლა და საკუთარი პროფესიით დასაქმდა“.
მათე ტაკიძე, კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი:
„ბედნიერებაა, რომ ნუკამ საკუთარი თავის რეალიზება მოახერხა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სვანეთიდან არის და შეხება არ ჰქონია პროფესიული განათლების სივრცესთან და დედაქალაქთან. ჩვენთან ჩაბარების შემდეგ კი, ნიჭის რეალიზება სრულად გამოავლინა. მოხერხდა ნუკას ცხოვრება, განათლება, და მისი უნარების რეალიზება ერთობლივად, შესაბამისად, დასაქმდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. დიდი მადლობა სამინისტროს ამისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ასეთი წახალისება კეთდება. ვაკანსია იყო და დაეთმო შეზღუდული შესაძლებლობის პირს.
რაც შეეხება ნუკას, ბედნიერებაა, როცა გეძლევა საშუალება, 8 თვის მანძილზე განათლების მიღების დროს შეძლო ფსიქოლოგიურად, მორალურად, ასევე ინტელექტუალურად მოიკრიბო ძალები, დამოუკიდებლად ცხოვრება ისწავლო, დამოუკიდებლად შეძლო საკუთარი თავის რეალიზება, ყველას უჩვენო და აჩვენო, რომ შენ შეგიძლია ყველასგან დამოუკიდებელი ადამიანი იყო და განვითარდე. შესაბამისად, რეალიზებული იყო. ნუკამ ამას მიაღწია, დასაქმდა და აქვს სამსახური. შესაბამისად, ეს ადამიანი ძალიან ბევრისთვის მაგალითი იქნება. მინდა ეს ყველამ დაინახოს, რომ ყველას შეუძლია ასეთი წარმატების მიღწევა“.