ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო

ბორჯომის საკრებულოში დღეს გამართული სხდომის დროს მომხდარ ინციდენტებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და გამოძიება ორ ფაქტზე დაიწყო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ავთანდილ გალდავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთელი დღის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოს შენობას და მასში შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იცავდნენ.

„სამართალდამცველებმა დროულად შეძლეს დაპირისპირებული მხარეების იზოლირება, რის შედეგადაც ინციდენტი მასობრივ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს. საკრებულოს შენობაში, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაპირისპირებული მხარეების უსაფრთხოებისა და ინციდენტის განმეორების პრევენციის მიზნით, პოლიცია მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს”, – განაცხადა ავთანდილ გალდავამ, რომლის კომენტარსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბორჯომის საკრებულოს შენობაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს მერიის თანამშრომლები, საკრებულოდან „ქართული ოცნების“ წევრები და ოპოზიციის დეპუტატები დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები