გიორგი ბეგაძე: სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევა სოფელში ცხოვრების დონის ამაღლებაა
უმრავლესობის წევრის გიორგი ბეგაძის თქმით, სოფლის მეურნეობის სფეროზე საკომიტეტო განხილვის დროს საინტერესო დისკუსია გაიმართა. მისივე განცხადებით, უდავოა, აგრობიზნესის მიერ პროდუქციის გამოშვება მზარდია.
“ასევე, მზარდია ღვინის ექსპორტი. მინისტრმა წარმოადგინა მონაცემები წყალუზრუნველყოფილი ფართობების შესახებ, რომელთა საერთო მოცულობაც გაზრდილია. იყო კითხვები და პასუხები მივიღეთ – მივესალმებით, რომ სურსათის უვნებლობის და უსაფრთხოების კუთხით კონტროლი გაუმჯობესდა. მინისტრის მიერ წარმოდგენილი გაწეული საქმიანობით და სამომავლო გეგმებით ჩანს, რომ გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევა სოფელში ცხოვრების დონის ამაღლებაა. ეს ჩვენი ხელისუფლების საერთო მიზნის, ადამიანების უფრო მეტი კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობას მოგვცემს”,- განაცხადა ბეგაძემ.