კახეთში კალიებს ებრძვიან

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარმა სპეციალისტებმა კახეთის რეგიონში განსაკუთრებით საშიში მავნებლის – იტალიური კალიის წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები დაიწყეს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში კალიების გავრცელების სუსტი კერები შეინიშნება, თუმცა, სპეციალისტების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებით გაირკვა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ალაზნის ველზე იტალიური კალიის ძლიერი, 98% სიცოცხლისუნარიანი კვერცხდების კერა გამოვლინდა. ამ ადგილებში უკვე შეინიშნება ასევე მავნებლის გამოჩეკვის ერთეული შემთხვევა, რაც, სპეციალისტების განმარტებით, მავნებლის მასობრივ გამოჩენას მოასწავებს.
იტალიური კალია გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს სამ რეგიონში. კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მავნებლის გავრცელების ადგილების ქიმიური დამუშავება 26 000 ჰა ფართობზე. შექმნილია ასევე მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის შტაბი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს დაგეგმილი სამუშაოების შესრულებას. იტალიური კალია განსაკუთრებით საშიში მავნებელია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კულტურებს ანადგურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები