„მწვანე ეკონომიკა – მდგრადი წარმოება და მოხმარება” რეგიონული კონფერენცია გაიმართა

სასტუმრო „Holiday Inn”-ში პროექტის „მწვანე ეკონომიკა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში თემაზე – „მწვანე ეკონომიკა – მდგრადი წარმოება და მოხმარება” რეგიონული კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გახსნა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი იან დუსიკი და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი მწვანე ეკონომიკის მდგრადი მოხმარებისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ცნობიერების ამაღლება და გამოცდილების გაზიარებაა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო შესყიდვებისას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისა თუ მომსახურების მიწოდების სტიმულირების საკითხებზე. მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები მდგრადი მოხმარებისა და წარმოების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა და უკრაინა), ორგანული სოფლის მეურნეობის შესაძლებლობების, მდგრადი ცხოვრების წესისა და განათლების, ეკო-ინოვაციების, ნარჩენების მართვისა და მწვანე სამუშაო ადგილების შესახებ.
კონფერენციის ფარგლებში „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის” ორგანიზებით გამოფენაც გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში წარმოებული ბიოპროდუქტები, ენერგოდამზოგავი მოწყობილობები, ნარჩენების მეორადი გადამუშავებით მიღებული პროდუქტები და ხელოვნების ნიმუშები, აგრეთვე ენერგოეფექტური შენობების და ტრანსპორტის ფოტომასალა, ასევე საგანმანათლებლო პროგრამები და პროდუქტები, რომლებიც ემსახურებიან საქართველოში მწვანე ეკონომიკის პოპულარიზაციას და ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში UNEP დაეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ეროვნული მწვანე ეკონომიკის პოლიტიკის დაგეგმვაში, შემუშავებასა და განხორციელებაში. ღონისძიება ორგანიზებულია მწვანე ეკონომიკა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP GREEN) პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროპის კომისიის მიერ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან – ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) და გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) ერთად. UNEP წარმოადგენს პროექტის ,,სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავების” კომპონენტის მთავარ განმახორციელებელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები