სუს-ი: ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები: ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის ისინი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის საოკუპაციო ძალებს და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ზემოთ ხსენებულ პირებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პროცესში არ შეუქმნას რაიმე ტიპის ხელოვნური ბარიერი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, დე ფაქტო ხელისუფლებასთან ასევე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების საკითხზე.