შსს-ს თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი გაიარეს (ფოტოკოლაჟი)
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 17 თანამშრომელს, სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის წარმატებით გავლისთვის, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ყაყიჩაშვილი და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი გუდაურში ჩატარდა. სწავლებას საჩხერის სამთო მომზადების სკოლისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამთო ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. ტრენინგის მონაწილეებმა ტექნიკური სრიალი, დაბრკოლებების ზოლის გადალახვა, დაშავებულის ევაკუაცია, თოვლში ღამისთევა და მთაში ტაქტიკური გადაადგილების ხერხები შეისწავლეს.
სასწავლო კურსის მიზანი სამთო კურორტებზე უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და „Ski patrol”-ის მიმართულებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის დონის ამაღლება იყო.