ეკა ბესელია: მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით კითხვები გუნდის შიგნითაც არის

„მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება საყურადღებო და მნიშვნელოვანია“, – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომელიც მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხს ეხებოდა.
ეკა ბესელიას განცხადებით, იუსტიციის საბჭო გადაწყვეტილების მიღებაში დამოუკიდებელი უნდა იყოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბჭოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება არ ჰქონდეს.
„დემოკრატიულ ფასეულობებსა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობას პატივს ვცემთ. ამიტომ ერთმნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის საბჭო, რომელიც სასამართლო ხელისუფლების რგოლია, თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი იყოს. ამ გადაწყვეტილებებში ჩარევის უფლება არ გვაქვს და ჩვენი მანდატი უფლებამოსილების მხოლოდ იმ ეტაპზე შემოიფარგლება, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ პარლამენტის მხრიდან ვინ შეიძლება იყოს არჩეული, მაგრამ არჩეული პირები რა გადაწყვეტილებას იღებენ, ამ გადაწყვეტილების მიღებაში პარლამენტი ვერ ჩაერევა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის სულერთია და პროცესებს გულგრილად ვუყურებთ და იმ პროცესებს არ ვაკვირდებით, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ნებისმიერი გადაწყვეტილება განსაკუთრებით მაღალი პასუხისმგებლობის გადაწყვეტილებაა.
„ბუნებრივია, კითხვები გუნდის შიგნითაც არის და ეს კითხვები განსაკუთრებით ისეთ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში გაჩნდა, რომელიც კონკრეტულ საქმეებს უკავშირდება, რომელზედაც თავის დროზე პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს საქმეები გამოტანილი იყო პოლიტიკური ნიშნით. ასეთ დროს, უფრო მაღალი სტანდარტი და ინტერესი არსებობს. იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელი უნდა იყოს და ამაში არავინ და ვერავინ ჩაერევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავად საბჭოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება არ ჰქონდეს როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან კითხვები ჩნდება უპასუხოს, ეს გადაწყვეტილება რატომ იყო მიღებული. ამ გადაწყვეტილებებს დასაბუთება სჭირდება. თუკი ეს გადაწყვეტილებები ისეთ მოსამართლეებს უკავშირდება, რომელთაც წარსულში ისეთი განაჩენები ჰქონდათ გამოტანილი, რომლის მიმართაც კრიტიკა იყო და პარლამენტს აქვს ნათქვამი, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები, ბუნებრივია, კითხვები გაჩნდება და ასეთ კითხვებს თავად იუსტიციის საბჭოს წევრებმა უნდა უპასუხონ, რადგან ჩვენ ვერ ვუპასუხებთ. უვადოდ ვინ განმწესდება და ვინ – არა, ამაში ჩართული არ ვართ და ვერ ვიქნებით, მაგრამ კითხვები ჩნდება, რომელიც ლეგიტიმურია. საკმაოდ ბევრი შემთხვევა იყო, რომელსაც ვაპროტესტებდით და ვამბობდით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილეები იყო მიღებული. როცა საბჭო ამ გადაწყვეტილებების მიმღები მოსამართლის უვადოდ განმწესების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, მათ უნდა უპასუხონ, ამ გადაწყვეტილების მიღება კანონით დადგენილი ნორმების გარდა, რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდა. ეს მიჯნა გასავლებია. გადაწყვეტილებებში ვერ ჩავერევით, მაგრამ როცა კითხვები იქნება, ამას იუსტიციის საბჭომ უნდა უპასუხოს. ეს ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა, რადგან თავისუფლება, დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და ფუნდამენტური ღირებულებები ყველაზე მაღალი ღირებულებებია და როცა ამ კუთხით კითხვები ისმევა, მათ შორის კითხვები პოლიტიკური გუნდის მიმართაც და ამ დროს კითხვებს ვერ ვუპასუხებთ, რადგან ამ კითხვების ადრესატი თავად საბჭოა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. აღნიშნულ საკითხზე გუშინ პრემიერმა კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა.
„რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადობაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც. მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები