ქუთაისში “ჩერნოვეცკის” ფონდის უფასო სასადილო გაიხსნა (ვიდეო)

საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქში “ჩერნოვეცკის” ფონდის უფასო სასადილო გაიხსნა. ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“მოგეხსენებათ, რომ თბილისში, გასული წლის მაისიდან ფუნქციონირებს  ჩვენი ფონდის უფასო სასადილო სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. თბილისურმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების ცხელი სადილით მომარაგება, საქველმოქმედო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი ჰუმანიტარული მისიის გეოგრაფიული არეალის გაფართოება.

დღის პირველ საათზე შენობაში ნემსის ჩასავარდნი ადგილი აღარსად იყო დარჩენილი. პრეზენტაციაზე დასასწრებად უამრავი ადამიანი მოვიდა, მათ შორის ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის და იმერეთის მხარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ძვირფასი ბენეფიციარები.

საზეიმო ვითარებაში გადაიჭრა წითელი ლენტი, ხოლო მოსულმა სტუმრებმა თავიანთ გამოსვლებში მადლიერებით აღნიშნეს ფონდის დამაარსებლის ლეონიდ ჩერნოვეცკის ღვაწლი სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარების საქმეში.

პირველ დღეს ჩვენი სასადილო მოემსახურა 50-ზე მეტ ბენეფიციარს. მათ შესთავაზეს სალათები, უკრაინული ბორშჩი,  ქათმის კერძი, ჩაი, ორცხობილა და სადღესასწაულო ტორტი. დიახ, სადღესასწაულო, რადგან ბენეფიციარების თქმით, „ისინი არ მოელოდნენ ასე გემრიელ საჭმელებს“, მათთვის „ეს დღეს ნამდვილ დღესასწაულად იქცა“ და „თავი ზღაპარში ჰგონიათ“.

პრეზენტაცია მუსიკალურად გაალამაზეს ქუთაისის მუსიკალური კოლეჯის მოსწავლეებმა, რომლებმაც კლასიკური ნაწარმოებების შესრულებით გაახარეს მოსული სტუმრები.

მაშ ასე, ჩერნოვეცკის ფონდი  უკვე ქუთაისშია! ამიერიდან, როგორ რთულ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეს ქუთაისში ადამიანი, იგი მშიერი არასდროს დარჩება! ფონდი იმისთვის არის დაარსებული, რომ სინათლე მოიტანოს და მომავლის იმედი ჩაუსახოს ადამიანებს”,- აცხადებენ “ჩერნოვეცკის” ფონდში.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები