ირაკლი კობახიძე ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პარლამენტის წევრს, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეს რეფატ ჩუბაროვს შეხვდა.
შეხვედრაზე მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა განიხილეს. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში საქართველოსა და უკრაინას შორის გაღრმავებული მეგობრული და პარტნიორული კავშირები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გასულ თვეში, უკრაინაში ვიზიტი გაიხსენა და განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.
მხარეების განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას საერთო გამოწვევები და მიზნები აკავშირებს და ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში კოორდინირებულ მუშაობას.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო გმობს ყირიმის ანექსიას და რუსეთის ფედერაციის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონებთან დაკავშირებით გამოხატული პოზიციისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების გზა რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოში რუსეთის დაბრუნებაზე გადის.
საუბარი აგრეთვე შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებებით ორმხრივ თანამშრომლობას დიდი პოტენციალი გააჩნია. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს საქართველოსა და უკრაინის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაში წვლილის შესატანად.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა საერთო მიზნების მისაღწევად მჭიდრო თანამშრომლობასა გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები