ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა – მერია კომპანიებს მიმართავს

თბილისის მერია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე, კერძო კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ქალაქში არის 10 ლოკაცია, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ბიზნეს-მოდელი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტები. ინტერესთა გამოხატვა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ და შეისწავლონ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ მიერ იქნება წარმოდგენილი ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით“, – განმარტა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელებამდე ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები ჩატარდება.
„გადაწყვეტილებები უნდა დაეფუძნოს მტკიცებულებებს, რომელიც გარემოებების შესწავლის შედეგად იქნება მიღებული. კომპანიებმა, პირველ რიგში, უნდა ჩაატარონ ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები. პროექტი განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კვლევების შედეგად, მისი მიზანშეწონილობა დადგინდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, საპარკინგე ინფრასტრუქტურა 180 ავტომანქანაზე იქნება გათვლილი.
„ინტერესთა გამოხატვის აუცილებელი პირობაა, რომ საპარკინგე ადგილების 5% გათვალისწინებული იყოს ელექტრომობილებისთვის და ამ ადგილებზე სპეციალური დამტენები დამონტაჟდეს. მთლიანობაში, აღნიშნული საპარკინგე ინფრასტრუქტურა გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ 180 ავტომანქანისთვის. პროექტის შესწავლა, ასევე, სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება კერძო ინვესტიციით, რომლის ღირებულებაც 3 მილიონ ლარზე მეტი იქნება და ამისთვის, მუნიციპალიტეტიდან საბიუჯეტო სახსრები არ გამოიყოფა. ეს არის პირველი პროექტი, რომელზეც ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებთ. რა თქმა უნდა, მომდევნო დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაში, ჩვენ სხვა პროექტებს წარმოვადგენთ, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მიწისქვეშა პარკინგების გარდა, კვლევის შედეგად მიღებული ანალიზის საფუძველზე, დედაქალაქში მიწისზედა პარკინგებიც მოეწყობა.
„ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ მიწისქვეშა პარკინგებზე. სადაც იქნება შესაძლებელი, კვლევის შედეგად მიღებული ანალიზის საფუძველზე, მიწისზედა პარკინგებიც უნდა მოვაწყოთ, რათა ეს სერიოზული პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მოგვარდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები