„იძულებული გავხდი ამაზე დავთანხმებულიყავი“ – 22 წლის დედა ხელისუფლებას სპეციალური განცხადებით მიმართავს

22 წლის დეა გოშხეთელიანი, რომელიც ყოფილ მეუღლეს მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.
გოშხეთელიანის მტკიცებით, მისი ყოფილი მეუღლის დაცვის მხარე ბავშვის თემით სპეკულირებს.
„კვირა“ დეა გოშხეთელიანის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
„ მინდა საზოგადოება და ხელისუფლება ჩავაყენო საქმის კურსში,რომ ბოლო კვირების განმავლობაში, მიკავშირდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის განყოფილებებიდან და მატყობინებენ,რომ ჩემს მიმართ – ჩემი ყოფილი მეუღლის მხარე წერს საჩივრებს,თითქოს მათ საჯაროდ ვაყენებ შეურაცხყოფას და მიზანი ამ ყველაფრის აქვთ,რომ გამოიცეს შემაკავებელი ორდერები. აქვთ ახალი სტრატეგია,რათა დაგროვდეს სტატისტიკურად ბევრი შემაკავებელი ორდერი ჩემზე. შემდეგ სურთ სასამართლოში ბავშვის მეურვეობის საკითხში გამოიყენონ ეს ორდერები,თითქოს ცუდი დედა ვარ ,ვერ ვზრდი ბავშვს და თითქოს ფსიქოლოგიურად ვძალადობ ჩემს ყოფილ მეუღლესა და მისი მხარის წარმომადგენლებზე ; ამის მტკიცებულება მათი მხრიდან კი იქნება ის,რომ თურმე ჩემზე დაწერილია ბევრი შემაკავებელი ორდერი. ეს ყოველივე არის ჩემი,როგორც საქართველოს მოქალაქის დისკრედიტაცია და კონსტიტუციით მონიჭებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ამით ცდილობენ გამაჩუმონ და თავად იყვნენ მომგებიან პოზიციაში. ეს ბინძური ქმედებები თავს მაგრძნობინებს დაუცველად , თუმცა მე მჯერა და იმედი მაქვს სამართლიანი სასამართლოსი და იმ უწყებების სამართლიანობის,ვისაც ეს საქმეები ეხება. აქვე მინდა განვმარტო,თუ რატომ შევიდა სასამართლოში ჩემი სარჩელი და შემდგომ ,ნოემბრის თვეში, სასამართლოს გადაწყვეტილება,რომლითაც მე ბავშვის ნახვისთვის მომეცა მორიგების აქტით კვირაში 2 დღე.
სასამართლომდე, 4-ჯერ მყავს საპატრულო პოლიცია გამოძახებული, როცა მე ბავშვს მიმალავდნენ, არ მაყოლებდნენ, მატყუებდნენ მის ადგილსამყოფელს,მიზღუდავდნენ მასთან კონტაქტს,არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და ოქმები. იყო ფაქტი,რომ საბავშვო ბაღიდანაც წაიყვანეს ბავშვი და 1 თვემდე სოფელში ჰყავდათ და მე შეზღუდული მქონდა მისი ნახვის შესაძლებლობა. როგორც გაირკვა,კანონმდებლობით,აქვს მამას უფლება ასე მოიქცეს. იყო ძალიან ბევრი მუქარა,როგორც ჩემი ასევე ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. სულ მიმეორებდნენ,რომ არიან მდიდრები ,აქვთ ფული და როგორც ენდომებათ ისე იქნებოდა კანონიც… ასევე სულ ტრაბახობდნენ,რომ ჰყავდათ სხვადასხვა თანამდებობებზე მეგობრები. მე ჩემს ყოფილ მეუღლესთან დაშორებული ვიყავი უკვე. მათი მხრიდან მუქარის და დაშინების შემდეგ, შემითანხმდნენ რომ თუ ორ დღეს მოვითხოვდი ბავშვს მაჩვენებდნენ ხოლმე, თუ არა და წლები მარბენინებდნენ სასამართლოში მეურვეობის საკითხზე, წლები გამაწვალებდნენ და მეც არ მექნებოდა ამის არც რესურსი და ამ წლების მანძილზე არც ბავშვის ნახვის შესაძლებლობა. მე იძულებული გავხდი ამაზე დავთანხმებულიყავი,რადგან ჩემი ცხოვრების თითოეული წუთი და წამი,ჩემს შვილს ეკუთვნის. იმასაც ვგებულობ,რომ ამ თემით მანიპულირებასაც აპირებენ. თუმცა, კიდევ ვიმეორებ,მე მაქვს საპატრულო პოლიციის ოქმები,რომლებიც შედგენილია სასამართლომდე,სადაც დაფიქსირებულია,რომ მე ჩემი შვილი ‘’მომტაცეს’’ და ცდილობდნენ ჩემთვის დაემალათ ჩემი მცირეწლოვანი შვილი. დღეს ჩემი შვილი ჩემს გვერდითაა და მას ვერავინ დამაშორებს. მინდა სწორად გაიგოს საზოგადოებამ,მე ჩემი შვილის ნახვაზე და მის ჩემთან ყოფნაზე არ მითქვამს უარი,ეს იყო მუქარის და ზეწოლის შედეგად წარმოთქმული თანხმობა,რომ მე ორი დღეც მაკმაყოფილებდა მისი ნახვის. მუქარის და ზეწოლის შედეგი, 2018 წლის 3 იანვარს,საზოგადოებამ იხილა – ჩემი ყოფილი მეუღლე მომივარდა სახლში,სასტიკად გამისწორდა ფიზიკურად არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით და ასევე სასტიკად სცემა ჩემი ოჯახის წევრიც,მშობელი მამა. მართალია დღეს ჩემი ყოფილი მეუღლე პატიმრობაშია,თუმცა პროცესი მიმდინარეობს დღემდე და მჯერა სამართლიანი სასამართლოსი. რა გახლდათ ჩემი ოჯახის დანგრევის მიზეზი?! ფიზიკური ძალადობა,ცემა დაუნდობლად ბავშვის თანდასწრებით, ასევე ფეხმძიმობისას დაუდგენელი წამლის დალევა იძულების წესით,მეორე შვილზე ფეხმძიმობის დროს ნერვიულობის ფონზე ბავშვის დაკარგვა, გამუდმებული ფსიქოლოგიური ზეწოლა… დღეს კი მე ვდგავარ ამ პროვოკაციული გამოწვევების წინაშე,რადგან ყველა ფრონტზე მებრძვიან, მისი მხრიდან 6 ადვოკატი, რომლებიც ყველა ხერხს მიმართავენ , რათა მე, დაზარალებული – მოძალადედ გამომიყვანონ და მანამდე კი, ამ ბრძოლის პერიოდში, გამაჩუმონ, შემიზღუდონ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“, –აცხადებს გოშხეთელიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები