პრემიერი: ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მიმდინარე მილიტარიზაცია, დღესაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს

საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ბოლოდროინდელი გამოცდილება წარმოადგენს შთამბეჭდავ ნიმუშს იმისა, რომ დემოკრატიული ტრანსფორმაცია და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება შესაძლებელია რეგიონში, სადაც არსებობს გადაუჭრელი კონფლიქტები.
შესაბამისი განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“საქართველოს წინაშე დღესაც დგას სერიოზული გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით, ასევე ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და მიმდინარე მილიტარიზაცია, ხოლო ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი დღესაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა არავინ არის დაზღვეული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან, რის გამოც ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ჩვენს ორმხრივ კავშირებს გერმანიასთან. ეს კავშირები ნაცადი და საიმედოა და მათი ფესვები უნდა ვეძებოთ პირველ გერმანულ დასახლებებში, რომლებიც საქართველოში ზუსტად ორი საუკუნის წინ აღმოცენდა. გერმანიამ წამყვანი როლი შეასრულა 100 წლის წინ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებაში. გერმანია დღესაც გადამწყვეტ როლს ასრულებს და გვევლინება საქართველოს სუვერენიტეტის და განვითარების გარანტად”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსს, რომელიც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, გერმანულ და გლობალურ აუდიტორიებს მიეცეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურისა და მდიდარი მემკვიდრეობის, ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის გაცნობის საშუალება.
“საქართველო-გერმანიის ჰარმონიული ურთიერთობების აღდგენის პროცესი იმდენად ინტენსიურია, რომ ორი ქართველი მწერალი გერმანულადაც კი წერს წიგნებს. მათ უკვე დაიმკვიდრეს ადგილი, როგორც ცნობილმა გერმანელმა ავტორებმა. ბევრი თქვენგანი შეიძლება იცნობს ამ მწერლების ნაწარმოებებს, ესენია: ნინო ხარატიშვილი და გივი მარგველაშვილი. სხვადასხვა ქართველი მწერლის დაახლოებით 200 წიგნი, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკა, წარდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის წლევანდელ ბაზრობაზე. ვფიქრობ, ეს არის არა მხოლოდ ქართველი მწერლების ლიტერატურული ნიჭის აღიარება, არამედ ჩვენს ერებს შორის თბილი გრძნობების სიმბოლოც: საქართველოს, როგორ ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანას, და გერმანიას, როგორც დამკვიდრებულ ევროპულ დემოკრატიულ და ინდივიდუალურ თავისუფლებათა დამცველ ქვეყანას შორის. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები მოიცავს არა მხოლოდ საქართველოს ევროპული დღის წესრიგის ტექნიკურ საკითხებს, არამედ ასევე მოიცავს მწერლების, პოეტებისა და მხატვრების შემოქმედებითი წარმოსახვის ძალას, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ კულტურებს და ხოტბას ასხამს ჩვენი საერთო მსოფლიოს მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით გაიმართა. თემატურ დისკუსიაში საქართველოს მთავრობის წევრებმა და ქართველმა ავტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები