„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ისრაელში Elbit Systems-ის პრეზიდენტს შეხვდა

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა. იგი ისრაელის უმსხვილესი კომპანია Elbit Systems-ის მენეჯმენტსა და საქართველოში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა ATC-ში დასაქმებულ სპეციალისტებს შეხვდა, რომლებიც ისრაელში გადამზადებას გადიან.

„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი ისრაელში Elbit Systems-ის პრეზიდენტს ბეჟალელ მაკლისს, ამავე კომპანიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, საერთშორისო მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორს, რან კრილს და Elbit Systems Cyclone-ის გენერალურ დირექტორს, დავიდ ვიდანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მშენებარე, ამიერკავკასიაში პირველი სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური ქარხნის (ATC) განვითარების პერსპექტივები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქართული პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე რეალიზაციის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

„ჩემთვის საამაყოა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ჩვენთან სტუმრობა. ჩვენ ისრაელში უმსხვილეს ინდუსტრიას წარმოვადგენთ,
რომლის წლიური ბრუნვა 3.4 მილიარდი დოლარია, მსოფლიოს მასშტაბით კი ჩვენთან 30 000 ადამიანია დასაქმებული. საქართველოსთან უკვე გვაქვს ნაყოფიერი თანამშრომლობა და თბილისში დამზადებული ავიაციის კომპოზიტური ნაწილები წლის ბოლოს უკვე მოამარაგებს კომერციულ ბაზარს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ გავაფართოვებთ თანამშრომლობას და ერთად ბევრ სხვა სფეროშიც ვიმუშავებთ,“ განაცხადა Elbit Systems-ის პრეზიდენტმა ბეჟალელ მაკლისმა დავით საგანელიძესთან შეხვედრისას.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა Elbit Systems-ის მენეჯმენტთან შეხვედრის შემდეგ, ისრაელის თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მსოფლიოში ერთერთი უმსხვლესი ქარხანა დაათვალიერა და ATC-ში დასაქმებულ ქართველ სპეციალისტებს შეხვდა, რომელთა გადამზადება ადგილზე დარგის წამყვანი პროფესიონალების მიერ მიმდინარეობს.

„ის ახალგაზრდები, რომლებიც ტრენინგს ისრაელში გადიან, საქართველოში მშენებარე თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანაში ამაღლებული კვალიფიკაციით გააგრძელებენ მუშაობას. ქარხანა ATC-ის, რომელიც სულ მალე თბილისში გაიხსნება, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „საუკუნის პროექტი“, რადგან მსგავსი სტანდარტებისა და მასშტაბების საწარმო ამიერკავკასიაში პირველად შენდება. ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართული პროდუქციით მსოფლიო ავიაციის ბაზრის წამყვანი კომპანიები მომარაგდება, როგორიც არის Boeing-ი, Airbus-ი და Bombardier-ი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისო დონეზე მაღალი ნდობით სარგებლობს, ქართველი სპეციალისტები კი მსოფლიოს წამყვან პროფესიოინალებს შორის არიან. მნიშვნელოვანია, რომ ქარხანაში 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთაგან 90 პროცენტზე მეტი საქართველოს მოქალაქე იქნება,“-განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ისრაელში მყოფ ქართველ სპეციალისტებთან შეხვედრისას.

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 85 მილიონი აშშ დოლარია. კომპანიაში დღეისათვის 60-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები დამზადდება. ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100 პროცენტი ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

პარტნიორთა შეთანხმებით ქარხანა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სერთიფიცირებული სამშენებლო მასალით შენდება. საწარმოს კედლები და სახურავი „საპარტნიორო ფონდისა“ და შპს ICES-თან ერთობლივად დაფუძნებული შვილობილი კომპანია „პანექსის” მიერ წარმოებული სენდვიჩ-პანელებით აშენდა, ქართულ სამშენებლო პროდუქციას უმაღლესი სტანდარტის სერთიფიცირება აქვს გავლილი.

აღსანიშნავია, რომ ELBIT Cyclone არის ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანია. ისრაელში ის სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: აეროხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები, უსაფრთხოების სისტემები და სამხედრო/თავდაცვის ნაწილები.

ELBIT Systems 1967 წელს ისრაელში დაარსდა და NASDAQ-ზე (ESLT) და თელ-ავივის საფონდო ბირჟებზე კვოტირებული კომპანიაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები