“ბადაგონის” ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯღავა კომპანიის თანამშრომლებს მიმართავს

კომპანია „ბადაგონის” ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯღავა კომპანიის თანამშრომლებს მიმართავს. მიმართვის ტექსტს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

“მივესალმები ყველას, ვინც საქმეში სახელად „ბადაგონი“ თავისი მოკრძალებული თუ დიდი წვლილი შეიტანა. მივესალმები ყველას, ვინც მრავალი წელია უერთგულა ჩვენს საერთო საქმეს, ვინც არ დაივიწყა ჩემი და ჩემი მეგობრის და პარტნიორის თემურ უბილავას გაკეთებული პატარ-პატარა სიკეთეები, ვინც გვერდში გვედგა რთულ დროს, ვისთვისაც მეგობრობა  თავისთავად ნიშნავს უსაზღვრო ნდობას, ვისთვისაც უცხო და მიუღებელია უმადურობა. თქვენს გარეშე ქართული საქმე სახელად „ბადაგონი“ ვერ შედგებოდა და მადლობას გეუბნებით ყოველ თქვენგანს ამისათვის.

ვწუხვარ, რომ ბევრ ადამიანთან, რომელიც კომპანიის დაფუძნებისას მუშაობდა, ვინც მოგვიანებით შემოგვიერთდა და კვლავაც შრომობს ჩემს მიერ დაფუძნებულ და საერთო დიდი ძალისხმევით დაღვინებულ კომპანია „ბადაგონში“ დიდი ხანია უშუალო კონტაქტი აღარ მქონია. მე მადლობას ვუხდი ყველას, ვინც კეთილსინდისიერად, ერთგულად, საქმის სიყვარულით გვერდში მედგა და ვინც უამრავი სირთულის დაძლევა შემაძლებინა იმისთვის, რომ სწორედ საქართველოში, ღვინის სამშობლოში დაგვეფუძნებინა თანამედროვე, უაღრესად მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისი, უმაღლესი კლასის ღვინის წარმოება.

მე, ჩემი მეგობარი და პარტნიორი თემურ უბილავა, რომელმაც გამათამამა და მნიშვნელოვნად განაპირობა ჩემი დაინტერესება იმით, რომ ჩემი სახსრები სწორედ საქართველოში, ხარისხიანი ღვინის წარმოებაში დამებანდებინა, სოხუმელები ვართ. მიფიქრია, რომ ჩვენ, სოხუმელებს განსაკუთრებულად გვტკივა და გვახარებს ჩვენი სამშობლო, განსაკუთრებულად გვაქვს შენაგრძნობი, რამდენად მძიმეა როცა შენსას, შენს ნალოლიავებს და აშენებულს სხვა მიითვისებს. მგონია, რომ ჩვენ განსაკუთრებული მეგობრობა და ნდობა შეგვიძლია. ამიტომაც კიდევ უფრო მეტად მწყდება გული და ძალიან ვწუხვარ, რომ მე და თემურ უბილავას წლების განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა გიორგი სალაყაიასთან – ადამიანთან, რომელსაც ვენდეთ, რომელიც მეგობრად, თანამებრძოლად მივიღეთ, რომელიც დავაფასეთ, მან კი  ჩვენი მეგობრობა და ნდობა  უმადურობად, ვერცხლისმოყვარეობად, სიკეთის დავიწყებად, მიმთვისებლობად გადაახურდავა და სანაცვლოდ ისე დაგვიბრუნა.

მამაჩემი, ალექსი ჯანჯღავა მეღვინე იყო. ჩემთვის საქართველოში ღვინის წარმოების ბიზნესის დაწყების შთაგონება ესეც გახდა – მის სახელს და ხსოვნას მივუძღვენი ის საქმე, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს დავიწყე საქართველოში – პირველი მიწის ნაკვეთების შეძენით, პირველი ვენახის გაშენებით, რასაც მოგვიანებით ჩემი მხრიდან დამატებითი ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა და 2006 წელს „ბადაგონის“ დაფუძნება მოჰყვა. ეს ამბები საქართველოს მძიმე პერიოდს დაემთხვა – რუსეთმა ემბარგო გამოაცხადა და იმ დროს ქართული ღვინის გასაღების უმთავრესი ბაზარი ჩაიკეტა. ამის მიუხედავად არ გავჩერებულვარ, საქმე შუა გზაზე არ მიმიტოვებია. 2006 წლის მიწურულისთვის დასახული მიზანი მაინც აღვასრულეთ – აშენდა ბადაგონის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ქარხანა, შეიქმნა სრული ინფრასტრუქტურა, დასაქმდა მრავალი ადამიანი.

მოგვიანებით, როცა გაჭირდა საწამოში ჩემგან დამატებითი ფინანსების მოზიდვა და შიდა საბანკო რესურსების მოსაპოვებლად წარვმართეთ ძალისხმევა, სალაყაიამ დაგვარწმუნა, რომ იმ ვითარებაში მისთვის კომპანია ბადაგონის წილების დროებით გადაფორმება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.

დაუფიქრებლად გადავუფორმე ყველა აქცია, გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარ ძმაზე მეტად ვენდობოდი, დაუეჭვებლად დავთანხმდი. მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცხადი, რაოდენ სულმდაბალ ადამიანს ვთვლიდით მეგობრად, რომელიც ბიზნეს-პარტნიორადაც გავიხადეთ.

მე არ ვიბრძვი „ბადაგონის“ წინააღმდეგ. ჩემი სამიზნე გიორგი სალაყაიაა, რომელმაც სწორედ ჩემთვის მოპარული ფულით საკუთარი ცხოვრება მოიწყო. მე ვაპირებ სამართლებრივ ბრძოლას ბადაგონში ჩემი კუთვნილი წილის დასაბრუნებლად და არა ბადაგონის წინააღმდეგ.

ბატონმა სალაყაიამ მე, მისი შვილის ნათლიას ეკრანებიდან თაღლითი მიწოდა. ალბათ ასე გადამიხადა მადლობა, მისი და მისი ოჯახისთვის ჩემგან გაწეული არერთი დახმარების სანაცვლოდ. მე აღარ მჯერა მისი არცერთი  სიტყვის. აუცილებელია ბადაგონში ჩატარდეს შესაბამისი ფინანსური აუდიტი, რომ გაირკვეს რაში იხარჯებოდა ჩემს მიერ ბადაგონში ინვესტირებული თანხები. გამაოგნა იმ ფაქტმა, რომ სალაყაია თურმე დაინტერესებულა რა წყაროებიდან ვახორციელებდი საქართველოში მრავალმილიონიან ინვესტიციებს. სამწუხაროა – აქამდე მეგონა, რომ ფსკერი ყველა ქვევრს ჰქონდა.

მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო –  არცერთი ჩემი ნაბიჯი არ იქნება მიმართული საწარმოს საქმიანობის შეჩერებისკენ ან გართულებისკენ.

დღეს „ბადაგონს“ ჩემი დაფუძნებული კომპანია „გრაკოროს“ მიმართ 5 მილიონზე მეტი დავალიანება გააჩნია. მე მზად ვარ, კუთვნილი წილის დაბრუნების შემდეგ, აღნიშნული თანხაც „ბადაგონის“ საწესდებო კაპიტალში შევიტანო, ისევე როგორც კომპანიაში დავტოვე  2011 წელს ჩემს მიერ მოზიდული დაახლოებით 14 მილიონი დოლარი. მე მზად ვარ კვლავაც ვიზრუნო და ყველაფერი გავაკეთო კომპანიის ზრდისა და განვითარებისთვის, მე მზად ვარ, როგორც უწინ, კვლავ განვახორციელო არაერთი სოციალური პროექტი და შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყო ჩემს სამშობლოს ეკონომიკურ განვითარებას.

მე მჯერა, რომ საბოლოოდ სიმართლე მაინც იმარჯვებს. მე მჯერა, რომ უმადური და სხვისი სიკეთის მიმთვისებელი ადამიანები დიდხანს ვერ იზეიმებენ. მე მჯერა, რომ კომპანია ბადაგონი, ამ საწარმოში დასაქმებული თითოეული  ადამიანის ძალისხმევით კვლავაც წარმატებული საწარმო იქნება, რომელიც გაუფრთხილდება და ჯეროვნად დააფასებს თითოეული დასაქმებულის შრომას, ქართული ღვინისა და ჩვენი სამშობლოს სახელს“,- ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

 

R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები