ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ახალგაზრდულ ფორუმზე ერთობლივი დოკუმენტი მიიღეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დღეს თბილისის საკრებულოში „ადგილობრივი თვითმმართველობების პირველი ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიებას, დელეგატის სტატუსით, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრები დაესწრნენ.

ფორუმის დელეგატებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს და   დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის დასასრულს დელეგატებმა ერთობლივი დოკუმენტი მიიღეს, რომელიც თანამშრომლობის შემდეგ მიმართულებებს ეხება. დოკუმენტი 10-პუნქტიანია და ეხება მულტი-მუნიციპალური თანამშრომლობის გაძლიერებას, ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის აუცილებლობას, ასევე ახალგაზრდებში ძალადობის აღმოფხვრას.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დედაქალაქის მერმა და  საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართეს.

გიორგი ტყემალაძის თქმით, მმართველმა გუნდმა,  ახალგაზრდებთან ერთად,  მათთვის საინტერესო და პროგრესზე გათვლილი რეალური ახალგაზრდული პოლიტიკა უნდა განახორციელოს, შექმნას მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო არსებული მუნიციპალური სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მოთხოვნადი გახადოს.

ფორუმი თბილისის  საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ გახსნა.  მისი თქმით, ფორუმის მიზანია საქართველოში ახალგაზრდობის პოლიტიკის განსაზღვრა.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა. მისი თქმით, იგი მიესალმება იდეას, რომ საქართველოს მასშტაბით საკრებულოების ახალგაზრდებმა დააფუძნონ ერთიანი პლატფორმა, სადაც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი, ჩვენი ახალგაზრდები შეიკრიბებიან და  ახალ იდეებს გაცვლიან. პრემიერის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ახალი ენერგიის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს დღევანდელი დღე მიულოცა და  ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები