თეა წულუკიანმა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის 5 წლის შედეგები შეაჯამა

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას” 5 წელი შეუსრულდა. პროგრამის შედეგების პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა გამართა. თეა წულუკიანმა პროგრამაში წარმატებული საქმიანობისთვის 18 თანამშრომელს (სოციალურ მუშაკს, იურისტს, ფსიქოლოგს) მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ასევე, იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა წარმატებით შეცვლილი სცენარისთვის 8 ყოფილ პატიმარს გადაუხადა. ესენი არიან: მირანდა მაზმანოვა − წარმატებული ხელსაქმე; აკაკი კოროშინაძე − წარმატებული მეურნე; დავით ჯარმელიშვილი − ქართული და ევროპული ვაზი საოკუპაციო ხაზთან; ამირან იობიძე − წარმატებული ავტოშემკეთებელი; კარლო ქარჩავა − წარმატებული მეთხილე; მერაბ ძირკვაძე − რძისა და რძის პროდუქციის წარმატებული მეწარმე; ვალერი კოჩუაშვილი − ცენტრის პოპულარიზაციის ხელშემწყობი; ლევან კუზნეცოვი − „მზიურზე” მზრუნველი. „შეცვალე სცენარი” „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის” სლოგანია.

2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა. პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვნები, არიან ჩართული.

2012-2017 წლებში პროგრამაში მონაწილეობის სურვილით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს” 3345-მა ყოფილმა პატიმარმა მომართა; მხოლოდ 2017 წელს დასაქმდა 267 ყოფილი პატიმარი, რაც გასული 4 წლის განმავლობაში მთლიანობაში დასაქმებულთა რაოდენობაზე მეტია. შედარებისთვის: 2013-2016 წლებში 260 ბენეფიციარი დასაქმდა. შესაბამისად, პროგრამის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობაა 527. რაც შეეხება სხვა სერვისებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო (თემატური) ტრენინგი გაიარა 1233-მა ბენეფიციარმა; თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის უფასო სამგზავრო ბარათი მიიღო 308 ბენეფიციარმა; ფსიქოლოგის მომსახურება გაეწია 311  ბენეფიციარს; 301-მა  ბენეფიციარმა წარმატებით გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები; იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში 108 ყოფილი პატიმრის (მათ შორის, 24 ქალის) 106 ბიზნესიდეა დაფინანსდა და ისინი უკვე დამოუკიდებლად უზრუნველყოფენ საკუთარ ოჯახებს; 823 ბენეფიციარს გაეწია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დახმარება; იურიდიული კონსულტაცია გაიარა 643-მა ბენეფიციარმა; ტატუს მოცილების უფასო პროგრამით ისარგებლა 123-მა ყოფილმა პატიმარმა (მათ შორის 65 არასრულწლოვანია); სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში მონაწილეობდა 532  და სხვა.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას”  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” ახორციელებს. მსჯავრდებულებთან მუშაობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იწყება გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე. პატიმრებს მიეწოდებათ ინფორმაცია პროგრამისა და იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც ცენტრი სთავაზობს. რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულების ჩართვა ნებაყოფლობითია. მათი მომართვის შემდეგ თითოეულ ბენეფიციართან ინდივიდუალურად მუშაობს სოციალური მუშაკი, რომელიც აფასებს ბენეფიციარის საჭიროებებს და სთავაზობს შესაბამის სერვისებს; ესენია: ფსიქოსოციალური მომსახურება; ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება; პროფესიული უნარების შეძენა და დასაქმების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლება/ტრენინგები; ყოფილი მსჯავრდებულის ოჯახის წევრის მხარდაჭერა; იურიდიული დახმარება. ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგებია: სოციალური უნარების განვითარება, სამოქალაქო განათლება, პოზიტიური მშობლობა,  კონფლიქტის მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, აგრესიის მართვა და სხვა.

პროგრამაში ჩართულ ყოფილ პატიმრებს იუსტიციის სამინისტროს  საგრანტო პროექტ „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის” ფარგლებში საკუთარი მცირე ბიზნესის წარმოებაც  შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში 108 ყოფილი პატიმრის 106 ბიზნესიდეა უკვე დაფინანსდა. იუსტიციის სამინისტრომ ამ პროექტის დასაფინანსებლად, ჯამში, დაახლოებით, 480 ათასი ლარი გასცა. ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეები კონკურსის წესით სამი მიმართულებით ფინანსდება: სოფლის მეურნეობა, წარმოება, მომსახურება. წარმატებული მაგალითების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო საგრანტო თანხას ყოველწლიურად გასცემს და, შესაბამისად, უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყება. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პროგრამის ბენეფიციარებს საშუალება აქვთ, სურვილის მიხედვით დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას; მაგალითად: ოფისმენეჯერი, მეფილე-მომპირკეთებელი, მზარეული, ფარმაცევტის თანაშემწე, გამყიდველ-კონსულტანტი, ბუღალტერი, შემდუღებელი და სხვა. პროგრამის ხელშეწყობის მიზნით 2012-2017 წლებში გაფორმდა მემორანდუმები სამთავრობო სტრუქტურებთან, კერძო კომპანიებთან, სასწავლებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

საიუბილეო ღონისძიება საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა, სადაც  პროგრამის ბენეფიციარების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნამუშევრები და ნახატები გამოიფინა. ღონისძიებას პარტნიორი სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები