დისტანციური სწავლების ინოვაციური ელექტრონული პლატფორმა პროფესიულ განათლებაში – პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

პროექტი – „თეორიაზე, პრაქტიკაზე და ვიზუალურ მედიაზე დაფუძნებული დისტანციური სწავლების პროფესიული გადამზადების მოდელი“, რომელიც რუსთავში, ზესტაფონსა და ჭიათურაში მიმდინარეობდა, დასრულდა.
პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდებოდა და დაფინანსებული იყო აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.
ახლახან კი, რუსთავის პროფესიულმა კოლეჯმა „მოდუსმა“, პარტნიორ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, პროექტის – „თეორიაზე, პრაქტიკაზე და ვიზუალურ მედიაზე დაფუძნებული დისტანციური სწავლების პროფესიული გადამზადების მოდელი“, – პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაცია სასტუმრო „ვერა ჰაუსში“ გაიმართა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: სსიპ პროფესიულ კოლეჯ „მოდუსის“ დირექტორი კარლო კერვალიშვილი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი ირინე წეროძე.
პროექტი მიმოიხილეს და  შედეგები შეაჯამეს: პროექტის მენეჯერმა „ჯორჯიან მანგანეზიდან“ – ნინო კუპატაძემ, ვირტუალური ლაბორატორიის მოდელირებისა და სიმულაციის დეველოპერმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან – დავით სონღულაშვილმა.
დისტანციური სწავლების დემონსტრირება წარმოადგინა პროფესიულმა მასწავლებელმა, ავტომექნიკოსმა ინეზა პარუნაშვილმა.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ პროექტის ფარგლებში, შემუშავდა დისტანციური სწავლების ელექტრონული პლატფორმა ავტომექანიკოსის და ელექტრიკოსის პროფესიაზე და შეიქმნა ვირტუალური, ინტერაქტიული, სიმულატორი ქართულენოვანი პროგრამული უზრუნველყოფით. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ 40 თანამშრომელი გადამზადდა „ჭიათურმანგანუმის“ მიერ თავის ბაზაზე სპეციალურად მოწყობილ სატრენინგო აუდიტორიასა  და  სახელოსნოებში.
თანამშრომლებს ასწავლიდნენ რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსის“ პედაგოგები, ქართულენოვანი დისტანციური სწავლების პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით და ინტერაქტიული სიმულატორის გამოყენებით.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2016 წლიდან ახორციელებს მცირე საგრანტო კომპონენტს, რომლის მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაღრმავება. აღნიშნული პროექტი ასეთი თანამშრომლობის მაგალითია, სადაც პარტნიორობის საფუძველზე შესაძლებელი გახდა თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნა კომპანიის კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მისასალმებელია, რომ კერძო სექტორი ხედავს, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობამ. იმედი გვაქვს, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები ამ პროექტს, როგორც მაგალითს გამოიყენებენ იმისთვის, რომ მათთაც დანერგონ მსგავსი ინოვაციური მიდგომები და თანამედროვე სასწავლო პლატფორმა გამოიყენონ ხარისხიანი სწავლების მიწოდებისთვის“, –  აცხადებენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები