ქურდობის ბრალდებით 8 პირი, მათ შორის „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1-5 თებერვალს ქურდობის ბრალდებით 8 პირი დააკავა – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, საქართველოს ფოსტის საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრის დახარისხების ოპერატორი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფარულად, არაერთხელ დაეუფლა მოქალაქეების კუთვნილ ამანათებსა და მცირე პაკეტებს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

უფრო კონკრეტულად კი 1-5 თებერვალს ქურდობის ბრალდებით ბათუმში – 1, თბილისში – 2, გორში – 1, კახეთში -1, მცხეთა-მთიანეთში – 3 პირი დააკავეს. გურიაში ქურდობის ფაქტზე მხილებულია 1 არასრულწლოვანი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 3 პირი დააკავეს, რომლებმაც დაბა ჟინვალსა და სოფელ არაგვისპირში ორი სააგარაკე სახლი გაქურდეს, ნაქურდალი ნივთები კი თბილისში, ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარეს. ბათუმში სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს რესტორან „ძველ გემში“, მობილური ტელეფონის და კომპიუტერული ტექნიკის ქურდობისთის, ხოლო გორში დაკავებულმა პირმა, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწრაფი გადახდის აპარატი გატეხა და იქ არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. კახეთში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილმა, აზერბაიჯანის მოქალაქემ, გვიან ღამით, სოფელ მშვიდობიანიდან, ამავე სოფელში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა მოიპარა. სამართალდამცველებმა იგი იმავე ღამეს, ცხელ კვალზე დააკავეს.

ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი არასრულწლოვანი ამხილეს, რომელმაც საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან საყოფაცხოვრებო ნივთები და სანადირო თოფი მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ყველა აღნიშნულ ქურდობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება“, –აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები