ზურაბ კალანდაძის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

9 თებერვალს, 18:30 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ზურაბ კალანდაძის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეოვნული მუზუმიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ზურაბ კალანდაძის მიერ 2002-2012 წლებში შექმნილი 27 ნამუშევარი. მათი მთავარი სტილისტური ნიშან-თვისებაა ორგანული კავშირი მითოსსა და პოეზიასთან. ექსპოზიციაზე ასევე იხილავთ ქანდაკებას სახელწოდებით: „სიყვარულის ხე”, რომელიც შესრულებულია მინაზე ლაზერული კვეთის მეთოდით.
გამოფენა ზურაბ კალანდაძის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენებისა და შეხვედრების ციკლის ნაწილია, რომელიც ასევე გაიმართება ჰააგაში, როტერდამში, ბერხენში, ლარენსა (ჰოლანდია) და ჰასელტში (ბელგია).
ზურაბ კალანდაძე 1994 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ჰოლანდიაში. მისი მოღვაწეობის არეალი მოიცავს მხატვრობას, პოეზიას, ლიტერატურის კვლევასა და სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობას. მას გამოცემული აქვს მხატვრული ნაწარმოებების ოცზე მეტი კრებული ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.
ზურაბ კალანდაძე ჰოლანდიის პროფესიონალ მხატვართა კავშირის (BBK) და იუნესკოს პარტნიორი ორგანიზაციის – ხელოვანთა საერთაშორისო ასოციაციის (IAA) წევრია. მონაწილეობდა ორასამდე გამოფენაში. ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიმართულებით. მისი თაოსნობით მოეწყო ქართველი მხატვრების ორმოცამდე გამოფენა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
გამოფენა 9 მარტამდე გასტანს.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ.3.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები