FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისშია (ფოტოკოლაჟი)

FIFA-ს მსოფლიო თასი უკვე თბილისშია. თასის დახვედრის ცერემონიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. თასის ტური  საქართველოში კოკა-კოლამ თბილისის მერიასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან პარტნიორობით უზრუნველყო. დღესვე, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, უმაღლესი საფეხბურთო ჯილდო პირადად იხილოს.

„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, FIFA-ს, კოკა-კოლას, იმისათვის, რომ ქართველ გულშემატკივარს მიეცემა შესაძლებლობა, იხილოს მსოფლიო თასი. მე ახლა არ დავიწყებ ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ჯილდოა მსოფლიო თასი. სამწუხაროდ, მე სანაკრებო დონეზე არ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე მეთამაშა, თუმცა, საკლუბო დონეზე შევძელი ყველა იმ ტურნირის მოგება, რომელიც მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის. ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო თასი დღეს ჩვენს დედაქალაქშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიების მიზანია ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერა.

FIFA- ს მსოფლიო თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური  პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და  ცხრა თვის განმავლობაში 126 000 კილომეტრს  გაივლის.

მსოფლიო თასი თბილისში დღის ბოლომდე დარჩება. მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს „თბილისი მოლის“ შენობაში 18:00 საათამდე შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები