ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა

„საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ. ეს არის შრომითი საქმიანობის ის სფეროები, სადაც მდგომარეობა კრიტიკულია და სახელმწიფოს დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს”,-ამის შესახებ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადა.

მისივე თქმით, შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებაა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი გეგმავს შექმნას გამჭვირვალე და ფართო სადისკუსიო ფორმატი, რომელშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა ამ საკითხთან დაკავშირებით მონაწილეობის შესაძლებლობა.

“შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მის დაცვაზე მუდმივი დაკვირვება და სტანდარტების შემდგომი სრულყოფა არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. ამასთან, ეს ვალდებულება აისახა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც, რომლითაც მკვიდრდება შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის ახალი, გაცილებით მაღალი სტანდარტი.
შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება მიმართული უნდა იყოს, ერთი მხრივ, დასაქმებულთა უფლებების, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელთა ინტერესების დაცვისკენ. ამდენად, მნიშვნელოვანია, დამსაქმებლებიც იყვნენ ჩართული შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების პროცესში.

ჯანსაღი ეკონომიკური და სოციალური გარემოსთვის, საჭიროა უზრუნველვყოთ ჰარმონიული ურთიერთობა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის, რაც გაზრდის შრომის პროდუქტიულობას, ხელს შეუწყობს კომპანიების გაძლიერებას და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები