საავიაციო ბაზარზე ახალი ქართული ავიაკომპანია „AK-AIR GEORGIA” იწყებს ოპერირებას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „AK-AIR GEORGIA”-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია.
ამ ეტაპზე „AK-AIR GEORGIA”-ს საკუთრებაში ერთი ერთეული L410UVP E ტიპის საჰაერო ხომალდი იმყოფება, რომლითაც კომპანია ადგილობრივი სამგზავრო რეისების განხორციელებას გეგმავს.
ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.
საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისათვის აუცილებელი სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების შემდგომ, სააგენტოს მიერ განხორციელდა ავიაკომპანია „AK-AIR GEORGIA”-ს ფინანსური მდგომარეობის შეფასება, რაც წარმოადგენს მგზავრთა უფლებებისა და ფრენების უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი რეგულირების ახალ, დამატებით მექანიზმს.
გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, რომელიც ავიაკომპანიას 31 იანვარს მიენიჭა, ადასტურებს „AK-AIR GEORGIA”-ს ფინანსურ საიმედოობას, არსებული და მის მიერ პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ავიაგადამზიდველი აგრეთვე აკმაყოფილებს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებს მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები