გელათის უნიკალური ფრესკების ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების პროცესი დასრულდა

გელათის სამონასტრო კომპლექსზე დასრულდა უნიკალური ფრესკების სკანირებისა და მათი ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების პროცესი. როგორც „კვირას“ საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ეს პროცესი სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით 1 თვის წინ დაიწყო.
„სამუშაოები მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მიერ აღებული იმ ვალდებულებების ფარგლებში წარიმართა, რომელიც გელათის მონასტრის, როგორც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკონსერვაციო მდგომარეობისა და მონიტორინგის რეჟიმების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ქმედებები გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის შესახებ სრულფასოვანი დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებდა.
თანამედროვე კვლევების საფუძველზე მომზადდა შესაბამისი ანაზომები და სააღრიცხვო ბარათი, რომელიც ეროვნული სააგენტოს ერთიან მონაცემთა სისტემაში განთავსდება. პროექტი კომპანია „ინჟინრული აზრის“ თანამშრომლებისა და კედლის მხატვრობის ქართველი სპეციალისტების მეშვეობით განხორციელდა. სამუშაო პროცესი გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის, წმინდა გიორგი სახელობის ტაძრისა და კარიბჭეში არსებული კედლის მხატვრობისა და მოზაიკის 3D ფორმატით ლაზერულ სკანირებას და მაღალი გარჩევადობის ციფრულ ფოტო ინფორმაციის სპეციალური პროგრამული უზრუნვეყოფით არქივაციას ითვალისწინებდა.
ამ მომენტიდან ფრესკების ნებისმიერი ფორმით დაზიანების შემთხვევაში, სკანირებული ინფორმაცია სააგენტოს მათი უზუსტესად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. მიღებული მასალის სიზუსტე და მაღალი ხარისხი მოხატულობის ფართებისა და ცალკეული ზომების, მოხატული ზედაპირის ფორმის, ფრესკების დაზიანების ხარისხისა და გაბარიტების, ნახატის გრაფიკისა და ფერთა გამის განსაზღვრის ეფექტურ საშუალებას იძლევა. სკანირების პროცესის შემდეგომ, სააგენტოს უკვე აქვს გელათის ფრესკებზე პერმანენტული ზედამხედველობისა და მონიტორინგის საუკუთესო ინსტრუმენტი. სკანირებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდება სამომავლო კონსერვაციის პროცესზე კონტროლიც. სკანირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სპეციალისტებს სამომავლოდ გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის ამა თუ იმ ფრესკის (ორიგინალის) ზუსტი ასლის დამზადების შესაძლებლობაც ექნებათ. ამავდროულად, გაჩნდა ისეთი ფრესკების კალკირების შესაძლებლობა, რომლებზეც ფიზიკური კონტაქტი სხვადასხვა მიზეზის გამო ამ დრომდე დაუშვებელი იყო.
დაარქივებული მასალები სამომავლოდ ხელოვნების დარგის სასწავლო დაწესებულებისათვის გახდება ხელმისაწვდომი“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
საქართველოს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, 2013 წელს განხორციელდა გელათის ღვთისმშობლის ტაძრის წმ. მარინეს ეგვტერისა და სამხრეთ კარიბჭის კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაცია. 2015 წელს სააგენტოს დაფინანსებითვე ჩატარდა სამონასტრო კომპლექსის წმ. გიორგის სახელობის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროცესიც. სააგენტოს დაკვეთით, ფრესკების სკანირებისა და ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების სამუშაოები კომპანია „ინჟინრული აზრის“ სპეციალისტებმა ნორაშენის, ქაშვეთის, სუბ-გეორქის, ვარძიისა და ბოლნისოს სიონის ტაძრების კედლის მხატვრობაზეც  განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები