ანსამბლი „ბასიანი“ სტრასბურგში კონცერტებს მართავს

1, 3 და 4 თებერვალს, საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი” კონცერტებს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მართავს.
როგორც „კვირას“ ანსამბლიდან აცნობეს, კონცერტები სასულიერო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობს.„ბასიანი“ ჩამოყალიბდა 2000 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი.
ანსამბლი “ბასიანი” თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის შემადგენელი ნაწილია და პატრიარქის მიერ ყოველ აღვლენილ ღვთისმსახურებაში მონაწილეობს. 2013 წელს კი „ბასიანს“ მიენიჭა საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი. ანსამბლის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი დონაძე.
დღიდან დაარსებისა, ანსამბლი „ბასიანი“ აქტიურად ჩაება ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშების გაცოცხლებისა და პოპულარიზაციის საქმეში. მან აღადგინა და გააცოცხლა ტრადიციული ფოლკლორის მრავალი მივიწყებული ნიმუში, გამოსცა კომპაქტდისკები, გამართა ასეულობით კონცერტი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ექსპედიციებითა კონცერტებით მოიარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, საკონცერტო ტურნეები გამართა ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მონაწილეობა მიიღო სახელგანთქმულ საერთაშორისო ფესტივალებში და წარმატებით წარსდგა მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები