გენდერული თანასწორობის საბჭომ თემაზე „გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები” კვლევა წარადგინა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ წარადგინა ყოვლისმომცველი კვლევა თემაზე: „გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები”. კვლევაში შეფასებულია საქართველოს კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისობა გენდერული თანასწორობის პრინციპებთან. მოყვანილია რეკომენდაციები კანონმდებლობასა და პოლიტიკაში გასატარებელი რეფორმების შესახებ, რომელთა მიზანია გენდერული და სექსუალური ძალადობის აღმოფხვრა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის გაზრდა.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა გახსნა.

„ჩატარებული კვლევა ჩვენი პირველი მცდელობაა, გამოვკვეთოთ სხვადასხვა სფეროში არსებული გენდერული გამოწვევების ამომწურავი სურათი და კონკრეტული რეკომენდაციები შევთავაზოთ პოლიტიკის შემქმნელებს. გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და უფლებადამცველებისათვის ეს კვლევა ერთგვარი საგზაო რუკაა, რომელიც გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად საჭირო ნაბიჯებს განსაზღვრავს”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა ქუიქმა, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა.

შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა ქუიქმა მიულოცა გენდერული თანასწორობის საბჭოს მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავება და აღნიშნა, რომ მასში ასახული კონკრეტული რეკომენდაციები და ასევე სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც უნდა განხორციელდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისათვის.

„კვლევა აჩვენებს საქართველოს სახელწმიფოს და პარლამენტის მხრიდან იმ სერიოზულ მიდგომას, რომელსაც ის იჩენს გენდერული საკითხების მიმართ”, – განაცხადა მარტინა ქუიქმა.

“ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას. ჩვენი პრიორიტეტებია გენდერული და სექსუალური ძალადობის აღმოფხვრა, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. ვამაყობთ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, დახმარება გავუწიოთ საქართველოს მთავრობას გენდერული უთანასწორობის შემცირებაში საკანონმდებლო რეფორმებისა და ეროვნული კონცეფციის განახლების გზით”, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ.

„გენდერული თანასწორობის მისაღწევად მხოლოდ კანონმდებლობა და პოლიტიკა არ კმარა. მაგრამ მათი გადახედვა კონსტრუქციული ნაბიჯია ქალთა და კაცთა შორის რეალური თანასწორობის მიღწევისა და ქალთა სისტემური დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზაზე. იმედი მაქვს, რომ კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები საფუძველს დაუდებს ქმედითი ზომების გატარებას სექსუალური ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ასევე ვიმედოვნებ, რომ კვლევის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საქართველო შემოიღებს სავალდებულო გენდერულ კვოტირებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად”, – განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა.

საბაზისო კვლევაში შეფასებულია საქართველოს კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემდეგი სფეროები: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა მიმართ ძალადობა, შრომითი ურთიერთობები, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა და მშვიდობა და უსაფრთხოება.

კვლევის ძირითადი რეკომენდაციები ეხება საქართველოს კანონმდებლობის გადასინჯვას, მათ შორისაა: დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კანონი, გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი, სისხლის სამართლის კოდექსი, საარჩევნო კოდექსი, შრომის კოდექსი და სახალხო დამცველის შესახებ კანონი.

რეკომენდაციები პოლიტიკის შექმნის სფეროში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გენდერული თანასწორობის ხარვეზების აღმოფხვრას განათლებაში, სპორტში, კულტურაში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებში და ქალთა და გოგონათა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვაში.

რეკომენდაციების მთავარი ადრესატები გენდერული თანასწორობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები არიან, მათ შორის საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და საქართველოს მთავრობასთან არსებული უწყებათაშორისი კომისია გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

კვლევა ჩაატარა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ. კვლევის ჩატარების ხელშემწყობები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) ინიციატივის ფარგლებში.

კვლევის წარდგენას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები