„ქეთი მელუას ბაბუა, რომელსაც შევარდნაძე დახვრეტას უპირებდა, ალაპარაკდა“

„ქეთი მელუას 87 წლის ბაბუა, რომელსაც შევარდნაძე დახვრეტას უპირებდა, ალაპარაკდა“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში ცნობილ მომღერალ ქეთი მელუას ბაბუის ძმის ავთანდილ მელუას ინტერვიუს აქვეყნებს.
როგორც ავთანდილ მელუა ინტერვიუში აცხადებს, იგი ბათუმში 1931 წელს დაიბადა, 1955 წელს კი მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი წარჩინებით დაასრულა. რის შემდეგაც, მუშაობა თბილისში შამპანურის ქარხანაში გააგრძელა, სადაც თითქმის ყველა საფეხური გაიარა და შამნურის ქახნის დირექტორის თანამდებობას მიაღწია.
მისი თქმით, 1978 წელს აზერბაიჯანის ცეკა-ს პირველმა მდივანმა ჰეიდარ ალიევმა რესპუბლიკის გეგმების წარმატებით შესრულებისთვის მკერდზე შრომის წითელი დროშის ორდენი მიაბნია. სწორედ ამ დროიდან დაიწყო დაპირისპირება მასსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის.
ავთანდილ მელუა გამოცემასთან ამ დაპირისპირების შესახებ დეტალებს იხსენებს.
„შევარდნაძემ მოინდომა იგივე მედალი და რადგან 50 წელი უსრულდებოდა საბჭოთა საქართველოს 1979 წელს, სახელმწოფო გადაჭარბებულად დაგეგმა. ყოვლად წარმოუდგენელი იყო იმ გეგმის შესრულება, რადგან, იმდენი ვენახიც კი არ იყო საქართველოში. 1979 წელს გეგმაში ჩაწერს, რომ იმ წელს მოვკრეფდით ნახევარ მილიონ ტონა ყურძენს, მაგრამ ცუდი ამინდები დაიჭირა, ვენახი გაფუჭდა და ყურძნის მოსავალიც გაცილებით მცირედი აღმოჩნდა. იმისათვის, რომ ყურძნის ჩაბარების გეგმა არ ჩავარდნილიყო და საქართველოს დაგეგმილზე ნაკლები ღვინო არ ეწარმოებინა, შევარდნაძემ გადაწყვიტა, ჩვენთვის ყურძენი კი არ ჩაებარებინათ, არამედ ქარხნებს თვითონვე გადაემუშავებინათ ყურძენი, მაგრამ დოკუმენტაციაში მე უნდა გამეფორმებინა, რომ თითქოს მივიღეთ ყურძენი. მსგავს ბინძურ შემოთავაზებაზე უარი განვაცხადე“ – იხსენებს წარსულს ავთანდილ მელუა.
მისივე თქმით, იმავე წელს, თბილისის შამპანურის ქარხანაში დიდძალი თანხის გაფლანგვის ფაქტი გამოააშკარავდა. კერძოდ, მთავარი ბუღალტრის მოადგილემ და ბოთლების საამქროს უფროსმა 8 მილიონ 130 ათას მანეთამდე თანხა მიიტაცეს.
„რადგან შევარდნაძე ჩემზე გაბოროტებული იყო, რესპუბლიკის პარტიულ-სამეურნეო აქტივის კრებაზე, რომელსაც პროკურორებიც ესწრებოდნენ, განაცხადა – შამპანურის ქარხანაში მომხდარ გაფლანგვაში ავთანდილ მელუასაც მიუძღვის ბრალიო! – ამის შესახებ 1979 წლის 13 მარტის ნომერში გაზეთ „კომუნისტში“ პირველ გვერდზე სტატია დაიწერა და ატყდა ამბავი“ – ამბობს ქარხნის ყოფილი დირექტორი.
მისივე თქმით, იგი ამ დროს ბათუმში იყო და თბილისში ჩამოვიდა, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა.
ქეთი მელუას ბაბუა ამბობს, რომ იგი 1979 წელს მილიციელებმა ქუჩაში მაშინ დაიჭირეს, როდესაც ავადმყოფი დედისთვის მაწონი მიჰქონდა.
„მილიციელებს ვუთხარი, დედა მყავს ავად, თუ შეიძლება მაწონს დავუტოვებ და წამოგყვებით-მეთქი! დამთანხმდნენ, მაგრამ მანქანიდან არ გამომიშვეს და მაწონი ჩემი ძმის, ანუ ქეთი მელუას ბაბუის სახლში მიცკევიჩის ქუჩაზე, თავად აიტანეს. ფანჯრიდან მზირალ დედაჩემსა და ჩემს ცოლს ხელებით ვანიშნე, დამიჭირეს-მეთქი, ქალებმა მაშინვე გააგებინეს ამბავი ჩემ ძმას ამირან მელუას. რომელიც ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში დოცენტი იყო და ლექციებს კითხულობდა.
ამის შემდეგ ავთანდილ მელუა თბილისის „კაპეზედან“ „კაგებეს“ იზოლატორში გადაიყვანეს.
„არც კი იოცნებო, რომ ვინმე „პერედაჩს“ მოგიტანსო“ – მითხრეს.
ავთანდილ მელუამ „კაგებეს“ იზოლატორში 2 წელი და 2 თვე გაატარა, როგორც თავად ყვება, გამოძიებამ წინასწარი გამოძიების ვადა ორჯერ გააგრძელა.
სასამართლოზე პროკურატურა ავთანდილ მელუას დახვრეტას ითხოვდა.
„ჩემი ძმა ამირან მელუა და მისი შვილი, ანუ ქეთი მელუას მამა, სასწრაფოდ მოსკოვში ჩაფრინდნენ. ერთი საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის მანქანას დაუწვა, მეორე კი – საბჭოთა კავშირის იუსტიციის მინისტრის მანქანას, პროტესტის ნიშნად! ატყდა ამბავი. მოსკოვიდან ინკოგნიტოდ გამოაგზავნეს პროკურორი, რომელიც ჩემს პროცესს დაესწრო, სასამართლოზე გამოაშკარავდა ჩემი უდანაშაულობა, ბუღალტრის მოადგილემ აღიარა დანაშაული, მაგრამ პროკურორი მაინც ჯიუტად ითხოვდა ჩემს დახვრეტას“ – იხსენებს ავთანდილ მელუა.
საბოლოოდ, მოსამართლე ალეკო ალადაშვილმა ავთანდილ მელუას 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მან საპატიმროში 11 წელი გაატარა, აქედან 2 წელი და 6 თვე კომის რესპუბლიკაში გადასახლებაში იმყოფებოდა.
„კოლონიის დირექტორი ბაშკირი კაცი იყო, ქართველები უყვარდა და გაკვირვებულმა მკითხა, ასეთი მტერი ვინ გყავს, ქართველ კაცს აქ რა გინდაო? შევარდნაძე იყო ჩემი მტერი. ძალიან გულღრძო კაცი გახლდათ ედუარდი. კრემლში რომ ფეხი შეედგა, მთელი საქართველო გაძარცვა. ყველამ ვიცოდით, რომ სოლიკო ხაბეიშვილი შევარდნაძის დავალებით რესპუბლიკაში მილიონობით „შავ ფულს“ კრეფდა და ეს ფული კრემლის მაღალჩინოსნებისთვის მოსკოვში იგზავნებოდა“ – იხსენებს წარსულს ავთანდილ მელუა.
ავთანდილ მელუა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს გათავისუფლდა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მან ედუარდ შევარდნაძე შემთხვევით ჯანსუღ ჩარკვიანის მამის გასვენებაში ნახა და მის ცნობიერებას ეს დღეც მკაფიოდ დარჩა.
„შევარდნაძე საშინელი ცინიკოსი იყო. ჯანსუღ ჩარკვიანის მამის გასვენებაში შემხვდა, ხელი გამომიწოდა და მკითხა, როგორ ხარო? დემონსტრაციულად არ ჩამოვართვი ხელი და გავშორდი, როგორც უხსენებელს“ – ამბობს გამოცემასთან ინტერვიუში იგი.
ავთანდილ მელუამ მისი რეაბილატაციისთვის არაერთ სამართალდაცავ სტრუქტურას მიმართა. მათ შორის უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მინდია უგრეხელიძეს. სხვადასხვა ხელისუფლების დროს კი, მთავარ პროკურატურას.
„სააკაშვილის დროს მასხრად ამიგდეს! მთავარ პროკურატურაში რომ მივედი და ჩემი განცხადება რომ მივიტანე, ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ასეთი პასუხით გამომისტუმრა – „ეჰ, ბაბუ, ეგეთ საჩივრებს ჩვენ ყოველდღე „მეშოკებით“ ვწვავთო“ – ამბობს ინტერვიუში ქეთი მელუას ბაბუა.
მისი თქმით, იგი უკვე მოხუცდა და ძალისხმევა აღარ აქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებშიც მიემართა მთავარი პროკურატურისთვის. თუმცა, იმედიც არ აქვს.
„ამ ხელისუფლებამ სამართლიანობა ვერ აღადგინა, გუშინ და გუშინწინდელი დანაშაულის გამო არ დასაჯა ვინმე, ხალხს წართმეული ქონება არ დაუბრუნა და როგორ ფიქრობთ, შევარდნაძის ცეკა-ს მდივნობის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის შეიწუხებს თავს ვინმე? ქართველმა ხალხმა კიდევ კარგად არ იცის ვისთან ჰქონდა საქმე. შევარდნაძე იყო სახადი და ღმერთმა უწყის მოიხადა თუ არა ეს სახადი საქართველომ“ – ამბობს ცნობილი მომღერლის ქეთი მელუას ბაბუა ავთანდილ მელუა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები