გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრემიერთან ევროკავშირისა და ნატოს ფორმატებში საქართველო-ლიტვის თანამშრომლობის საკითხები განიხილა

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი მიიღო. მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს: რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ლიტვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად, ლიტვის პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე განიხილებოდა ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია როგორც საქართველო-ლიტვის ორმხრივ ურთიერთობებთან, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებთან.

შეხვედრისას განსაკუთრებით ხაზი გაესვა ევროკავშირისა და ნატოს ფორმატებში საქართველო – ლიტვის თანამშრომლობას. მხარეებმა განიხილეს ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.

“ჩვენს ქვეყნებს ყველა მიმართულებით აქვთ მზარდი და დადებითი დინამიკა და საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ეს შესაძლებლობები”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხათუნა სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები