საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 1 თებერვალს უკვე მესამედ აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, წელს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე იგეგმება.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“! – ამ დევიზით საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიზანია საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი, საქართველო და მისი ქალაქები მოხსენიებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის გვერდით. ჩაერთოს ბევრი ადამიანი და ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად.
„მნიშვნელოვანია ასევე ღონისძიების მასშტაბურობა – ლოკალური და რეგიონული მასშტაბით წიგნის ავტორების, უნივერსიტეტების, სკოლების, წიგნის მაღაზიებისა და კულტურის ცენტრების ჩართულობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოში წიგნის პოპულარიზაციას. წიგნის კითხვის დღე საქართველოში წიგნთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ღიაა კერძო ინიციატივების მისაღებადაც. თითოეულ მსურველს შეუძლია, დამოუკიდებლადაც მოიფიქროს ორიგინალური ფორმატი და ასოციაციის ქოლგის ქვეშ შეუერთდეს ამ დღის ჩვენს ქვეყანაში აღნიშვნის ინიციატივას. მოგვაწოდეთ ფოტო და ვიდეომასალა, რომელსაც სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ ჩვენს ფეისბუქგვერდზე“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დაიხურება 1 თებერვალს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გამართული დასკვნითი, შემაჯამებელი ღონისძიებით, სადაც გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია “Litworld”. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები