„გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ქართული ჩაის ახალი საკოლექციო სერია მზადდება
30 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლესა და ჩაის ქართული ბრენდის „გურიელის“ მწარმოებელ კომპანია „გეოპლანტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, მემორანდუმის თანახმად, ხელოვნების სასახლე კომპანია „გეოპლანტს“ გადასცემს შოთა რუსთაველის და „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილ უნიკალურ საარქივო მასალებს, გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს.
კომპანია „გეოპლანტი“ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის წარსადგენად, ამზადებს „პრინცი გურიელის“ საკოლექციო სერიას -„გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“.
საკოლექციო სერია ჩაის ცხრა სახეობას მოიცავს. მომხმარებლისათვის უკვე კარგად ნაცნობ ტრადიციულ შავ და ტრადიციულ მწვანე ჩაის, ერლ გრეის, აყვავებულ ჟასმინს, ალპურ კენკრას და ველურ პიტნას, დაემატა სამი ახალი სახეობა: მინდვრის გვირილა, თოვლის ვარდი და მესხური ჭინჭარი, რომელიც „გურიელის“ გამოცდილმა სპეციალისტებმა შექმნეს.
2018 წლის თებერვალში გამოვა საკოლექციო სერიის ქართული და ინგლისური ვერსიები, რომლის თითოეული სახეობის ჩაის შეფუთვა დამშვენებული იქნება ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით, როგორებიც არიან: პეტრე ოცხელი, მიხაი ზიჩი, გრიგორი გაგარინი და სხვები.
ინგლისური ვერსია მთლიანად გაფორმდება მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისათვის“ შექმნილი ცნობილი რეპოროდუქციებით.
უშუალოდ წიგნის ფესტივალის დაწყებისათვის კი ქართულ და ინგლისურ ვერსიებს დაემატება გერმანული ვერსიაც, რომლის გაფორმებაზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა“, – აცხადებენ ხელოვნების სასახლეში.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სასახლესა და კომპანია „გეოპლანტის“ მიერ მსგავსი სახის პროექტი პირველად ხორციელდება და ეროვნული კულტურის პოპულარიზაციასთან და ქართული წარმოების საექსპორტო პოტენციალის მხარდაჭერასთან ერთად, პროექტის უმთავრეს მიზანს ხელოვნების სასახლის, როგორც სახელმწიფო კულტურული ინსტიტუტის დახმარება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, საკოლექციო სერიის „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ ჩაის სახეობების რეალიზაციიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი ხელოვნების სასახლეს ქველმოქმედების სახით ჩაერიცხება.