ზურაბ აბაშიძე: რუსეთის მიდგომები ნათლად მიუთითებს, რომ ახლო პერსპექტივაში დადებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ

პრაღაში მუსიკასა და პოეზიაზე, სასიამოვნო, სალონური საუბრისთვის არ მივდივართ, ეს ფორმატი შექმნილია, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესები“ – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს და აღნიშნავს, რომ 31 იანვარს პრაღის მორიგ მოლაპარაკებებზე რამდენიმე საკითხის დაყენებას გეგმავს.

როგორც აბაშიძე აცხადებს, მათ შორის არის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმება, რომელიც საბაჟო კორიდორების ნეიტრალური მონიტორების მიერ გაკონტროლებას გულისხმობს და რომელზეც ხელი რუსეთს ჯერ არ მოუწერია.

მისივე თქმით, რუსეთის მიდგომები ნათლად მიუთითებს, რომ ახლო პერსპექტივაში სერიოზულ და დადებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

„ მოგეხსენებათ 2011 წლის საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმების შესაბამისად, ქართულმა მხარემ გასული წლის დეკემბერში შვეიცარიულ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი, ახლა რუსეთის ჯერია, რუსეთმაც უნდა გააფორმოს ანალოგიური კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანიასთან, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ამ პროექტის იმპლემენტაცია. სამწუხაროდ, ბატონი კარასინის ინტერვიუში ამოვიკითხეთ ამ შეთანხმების ისეთი ინტერპრეტაცია, როგორიც პრინციპულად ეწინააღმდეგება 2011 წლის შეთანხმების დებულებებსა და არსს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ პროექტის განხორციელებას, ასე რომ ჩვენ ამ თემაზე გვექნება საუბარი და შევეცდებით, დავაზუსტოთ პოზიციები“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ “მოამბესთან” საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები